← მთავარი
სპორტი

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026: გზა მუნიციპალური თამაშებიდან ჩემპიონობამდე | Lelo.Ge

1 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge · lelo.ge
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026: გზა მუნიციპალური თამაშებიდან ჩემპიონობამდე | Lelo.Ge

“ეს არ არის უბრალო შეჯიბრი, აქ ბავშვები გუნდურობას, ურთიერთპატივისცემას, გამარჯვებისა და მარცხის ღირსეულად მიღებას სწავლობენ - თვისებებს, რომლებიც მათ მთელი ცხოვრება გაჰყვებათ” - ასე აფასებენ პედაგოგები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალურ ეტაპს, რომელიც 27 ივნისს დასრულდა.

ყოველი წლის სექტემბერში, როდესაც მუნიციპალური თამაშები იწყება, 100 000-ზე მეტი ბავშვი და 1800-ზე მეტი სკოლა სწრაფვას ერთი დიდი, საერთო მიზნისკენ იწყებს. გზა მუნიციპალური და რეგიონული ეტაპებიდან აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დაპირისპირებამდე რთული და გრძელია, მაგრამ ყველაზე მთავარი ფინალური აკორდია, სადაც ქვეყნის ჩემპიონები ვლინდებიან.

19 ივნისს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026-ის დასკვნითი თამაშები საზეიმოდ გაიხსნა და 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდა. ამ პერიოდში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოსწავლე სპორტსმენები ერთმანეთს სპორტის რვა სახეობაში დაუპირისპირდნენ: მინი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მძლეოსნობაში, ხელბურთში, კალათბურთსა და 3X3 კალათბურთში, ფრენბურთსა და ბადმინტონში. ყველა სახეობაში, როგორც გოგონათა, ისე ვაჟთა კატეგორიებში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ახალი ჩემპიონები გამოვლინდნენ. ფინალური შეხვედრები საინტერესო კონკურენციის პირობებში წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა მაღალი პასუხისმგებლობა, კარგი მომზადება და გამარჯვების დიდი სურვილი აჩვენეს.

განვლილი სეზონი, მიღწეული წარმატებები და მოედანზე გატარებული დღეები თავად მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეაჯამეს და მოზარდების ცხოვრებაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს:

“სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სხვადასხვა რეგიონის ბავშვებს აცნობს ერთმანეთს და ამეგობრებს. გააგრძელებენ თუ არა ისინი მომავალში სპორტულ ცხოვრებას, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ეს მეგობრობა, ემოციები და შთაბეჭდილებები მათ დიდხანს დარჩებათ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ პროექტებს ბავშვების ცხოვრებაში, რომ თავიდანვე შეეჩვიონ ჯანსაღ ცხოვრების წესს,” - განაცხადა ხონის N2 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგმა თამაზ წულაიამ.

“რასაკვირველია, რომ სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას დიდი წვლილი მიუძღვის ბავშვების შეკავშირებაში, ჯანმრთელობაში, დამეგობრებაში. ბავშვებმა აქამდე მოსასვლელად დიდი გზა გაიარეს და ამ პერიოდში ისინი უფრო შრომისმოყვარეები და ბრძოლისუნარიანები გახდნენ.

დასკვნით თამაშებზე აბსოლუტურად თითოეული დეტალი ძალიან კარგად იყო დაორგანიზებული. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციას ამ შესაძლებლობისთვის,” - განაცხადა რუსთავის N2 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგმა ეკატერინე ბერაიამ.

“დიდი გზა გამოვიარეთ, ბევრი ვიშრომეთ და დიდხანს ვემზადებოდით ამ დღისთვის. მიხარია, რომ საკუთარი სკოლა და რეგიონი ვასახელეთ. კარგი გამოცდილება მივიღეთ და ბევრი ბავშვი გავიცანით. დარწმუნებულები ვართ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზეც გავალთ. ყველას ვურჩევთ, რომ სპორტის რომელიმე სახეობაში მაინც გამოსცადონ თავიანთი თავი და აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში,” - აღნიშნეს ქ. რუსთავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

ამრიგად, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2026 წლის სეზონი დასრულებულია. ახალი, 2027 წლის სეზონის მუნიციპალური თამაშები უკვე მიმდინარე წლის სექტემბერში აიღებს სტარტს, რაც ახალგაზრდა სპორტსმენებს ძალების ხელახლა გამოცდისა და ახალი წარმატებების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.

← მთავარი