← მთავარი
საზოგადოება

"სკოლის ფორმებს საზოგადოება მიესალმება, ფასს უახლოეს დღეებში დავადგენთ" - მიქანაძე

1 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge

ივანიშვილის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის მტკიცებით, სასკოლო ფორმებს “საზოგადოება მიესალმება”. მიქანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ამბობს, რომ მშობლები მასთან შეხვედრაზე იმაზე წუხდნენ, რომ სავალდებულო ფორმები წელს მხოლოდ I-VI კლასის მოსწავლეებს ეხებათ. 

“სამი თვის წინ დავიწყე ასეთი პროექტი - მინისტრის შეხვედრა მშობლებთან, დაახლოებით 30-მდე ქალაქსა და მუნიციპილიტეტში ვიყავი ამ სამი თვის განმავლობაში, სადაც საშუალოდ თითო შეხვედრას 300 მშობელი ესწრებოდა.

ამ შეხვედრების ფორმატში მე არ მახსენდება ერთი ადამიანიც კი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად არ გამოეთქვას, რომ რა კარგია, ფორმები რომ შემოდის სკოლებში, ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო და ეს ასეთი მნიშვნელოვანია. ყოველთვის იყო წუხილი, რატომ მხოლოდ I-VI კლასი და რატომ არა ზედა კლასები.

ამაზე ძალიან მარტივი ახსნა ვუთხარით საზოგადოებას, რომ I-VI კლასებში ვიწყებთ, რადგან ფორმის კულტურა საჯარო სკოლებში, გამონაკლისების გარდა, სადაც ნებაყოფლობით შემოიღეს, ბავშვებისთვის არის სიახლე. ამიტომ გვინდა, ეტაპობრივად შემოვიტანოთ და შევაგუოთ იმ კულტურას, რასაც ფორმის კულტურა ჰქვია. ამიტომ, წელს თუ I-VI გვეყოლება, ყოველ წელს თითო კლასი დაემატება, რადგან მეექვსეკლასელი, რომელიც წელს ამ ფორმას ჩაიცვამს, შეჩვეულია და თითო წელს გავზრდით ეტაპობრივად, რათა ყველა საფეხური მოვიცვათ რამდენიმე წელიწადში.

საზოგადოება მიესალმება ამ ინიციატივას” - ამბობს მიქანაძე.

ივანიშვილის განათლების მინისტრის მტკიცებითვე, “ფორმა იქნება უმაღლესი ხარისხის”.

“ეს არის ანტიალერგიული ქსოვილი და მინდა, პირდაპირ გითხრათ, რომ პოლიესტერზე იყო გამახვილებული ყურადღება, საერთაშორისო პრაქტიკაშიც პოლიესტერი აქტიურად გამოიყენება, თუმცა ეს მთლიანად პოლიესტერი არაა, იქ არის გარკვეული კონცეტრაციები სხვადასხვა ბუნებრივ მასალასთან ერთად და ეს არის იმ სტანდარტის შესაბამისი, რაც საერთო პრაქტიკაში არის დამკვიდრებული, რომელიც უნარჩუნებს ფორმას მოქნილობას, მის ცვეთადობას ამცირებს და რაც მთავარია, ყველა ფორმას, ეს იქნება პიჯაკი, შარვალი, ქვედაბოლო, აქვს სარჩული, ის არის ანტიალერგიული.” - ამბობს მიქანაძე.

მისივე ცნობით, უახლოეს დღეებში დაადგენენ ფორმების ფასს.  

“მინდა, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ფასი იქნება რამდენჯერმე იაფი, თუნდაც თუ შევადარებთ კერძო სკოლების ფორმებს.

ასევე, ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 65 000 ან უფრო ნაკლები ქულით და ჰყავს I-VI კლასის მოსწავლე შვილი, ერთ პიჯაკს და ორ შარვალს ბიჭის შემთხვევაში და ერთ პიჯაკს, ერთ შარვალს და ერთ ქვედაბოლოს გოგონას შემთხვევაში მიიღებს სრულიად უსასყიდლოდ” - ამბობს მიქანაძე.

ოცნების გადაწყვეტილებით საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო ხდება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით.

სამინისტროს ინფორმაციით, 2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს გლორი ტექსტილი ინდასტრისგან შეიძენენ. მათივე ცნობით, კომპანიის სამკერვალო ჩინეთში მდებარეობს. 

2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმებს ჩინური კომპანიისგან შევიძენთ – სამინისტრო

 

სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, კომპანია გლორი ტექსტილი ინდასტრი საქართველოში 2026 წლის 10 მარტს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია ქსიაოლინ ლიუ.

აპრილის თვეში გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, სასკოლო ფორმების შეკერვაში 50 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

← მთავარი