25 აგვისტომდე უნდა მოხდეს ფორმების I ნაწილის მოწოდება — როდის და რა ვადებში მიეწოდებათ ბავშვებს სკოლის ფორმები?
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმების მიწოდების დროსა და ვადებზე ისაუბრა. მისი თქმით, სასკოლო ფორმების შეკერვა და მიწოდება 3 ეტაპად განხორციელდება — 15 სექტემბრისთვის მხოლოდ პირველკლასელებს ექნებათ ფორმები, II-VI კლასის მოსწავლეებისთვის კი პირველი სემესტრის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი სასკოლო ფორმები.
“25 აგვისტომდე უნდა მოხდეს პირველი ნაწილის მოწოდება, რომლითაც ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველა პირველკლასელს ექნება საშუალება, რომ მათ ოჯახებმა შეიძინონ პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმები. ამიტომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი უკვე ახალ ქართულ ფორმებში, რომელზეც გამოსახული მარცხენა მხარეს იქნება საქართველოს სახელმწიფო გერბი, წავა სკოლებში.
მეორე ეტაპის მოწოდების იქნება ოქტომბერში და მესამე – ნოემბრის ბოლოს და პირველი სემესტრის განმავლობაში ჩვენ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა ბავშვს უზრუნველვყოფთ სასკოლო ფორმით და მათ, წინასწარ მშობლებს ეცოდინებათ რეალიზაციის პუნქტები, რომლებიც რეგიონებში გაიხსნება და ქალაქებში გაიხსნება და, რა თქმა უნდა, ამის შესახებ იქნება საინფორმაციო კამპანია, დეტალური ინფორმაცია”, — განაცხადა გივი მიქანაძემ.