← მთავარი
მსოფლიო

სისხლისღვრა ჰაიტიში - რა ხდება ქვეყანაში, რომელიც დღეს კრიმინალური ბანდების სათარეშოდ არის ქცეული

2 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
სისხლისღვრა ჰაიტიში - რა ხდება ქვეყანაში, რომელიც დღეს კრიმინალური ბანდების სათარეშოდ არის ქცეული

“ჰაიტის სოფლად მდებარე დასახლებას ღრმა ძილით ეძინა როდესაც “ ღამის 2 საათზე სროლა დაიწყო - უეცრად ყველა მხრიდან ჩვენი მიმართულებით ისროდნენ. ეს ბანდა “გრან გრიფი“ (Gran Grif) იყო, რომელიც ჩვენი უბნის ხელში ჩასაგდებად და აქ საკუთარი ბაზის მოსაწყობად მოვიდა“, - იხსენებს ოთხი შვილის დედა, 45 წლის მერციდე დანიელი.

თავზე ბენდენა წაკრული და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ათობით მამაკაცი, რომლებსაც კისერზე ავტომატები აქვთ გადაკიდებული, სოფელში იჭრება და განურჩევლად ყველას ესვრის.

მცხოვრებლებს, რომლებიც გაქცევას ცდილობენ, სირბილის დროს ხვრეტენ. სხვები სახლებიდან გამოჰყავთ. ზოგს კი ახლო მანძილიდან უსწორდებიან.

“გვესროდნენ, თავს გვესხმოდნენ. ბუჩქებში დასამალად გავიქეცი და როდესაც უკან მოვიხედე, ყველაფრისთვის ცეცხლი წაეკიდებინათ“, - ყვება დანიელი, როდესაც 29 მარტს, დასახლება ჟან-დენიზე (Jean-Denis) განხორციელებულ იმ თავდასხმას იხსენებს, რომლის ორგანიზატორი ჰაიტის ერთ-ერთმა ყველაზე საშიში კრიმინალური ორგანიზაცია, “გრან გრიფი“ იყო.

ბანდის წევრები სახლებს ზედიზედ უკიდებენ ცეცხლს, ზოგიერთ მათგანში მოსახლეობა იყო გამომწყვდეული. დილისთვის დამწვარი შენობებიდან, რომლებიც ოდესღაც სხვადასხვა ფერში იყო შეღებილი და ახლა ნახშირად არის ქცეულა, კვლავ სქელი კვამლის სვეტები ამოდიოდა.

დილით გზებზე ათობით ცხედარია მიმოფანტული. შორიდან კვლავ ისმის სროლის ხმა.

გადარჩენილები ცხედრებს შორის დადიან, განადგურებულ არემარეს ვიდეოზე იღებენ და ნაცნობებს ეძებენ. ერთად დაყრილ გვამებს შორის მიწაზე გულაღმა წევს ხაკისფერი ზედატანით მოსილი მამაკაცი, რომელსაც სახეზე ნაკაწრები, ხოლო მკერდსა და მკლავზე ნასროლი ჭრილობები ეტყობა. მის ქვეშ მიწა სისხლითაა გაჟღენთილი.

ხანდაზმული ქალი, 80 წლის მარი ელვირ ლუისი, კუბოკრულ საბანშია გახვეული. ხუთი შვილის დედა მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც საკუთარი სახლის კართან კისერსა და მკერდში დაჭრეს. ამ ძალადობის დროს დანიელის ოჯახის ხუთი წევრი მოკლეს: ორი ბიძა, დეიდა და ორი ბიძაშვილი , სამი მათგანი გაქცევის მცდელობისას მოკლეს, ხოლო დანარჩენი ორი საკუთარ სახლში ცოცხლად დაწვეს.

წლების განმავლობაში, დაუნდობელმა ბანდების ომმა პორტ-ო-პრენსი (Port-au-Prince) გაანადგურა. კარტელებმა დედაქალაქის დიდი ნაწილი ჩაიგდეს ხელში, რამაც სახელმწიფო ხელისუფლების თითქმის სრული კოლაფსი გამოიწვია.

ახლა კი, გავლენის გაფართოების მიზნით, ისინი ჰაიტის იმ სასოფლო-სამეურნეო რაიონებში იჭრებიან, რომლებიც ოდესღაც მეტწილად ძალადობისგან მაინც დაცული იყო. ბანდები თავს ესხმიან ფერმერულ თემებს, ხელში იგდებენ მნიშვნელოვან გზებს და მთელ სოფლებს ჟლეტენ.

61 წლის ჟერნო თეოფილმა ოჯახის ექვსი წევრი და სახლი დაკარგა, რომელიც თავდასხმის დროს გადაწვეს. მისი თქმით, ახლა ქუჩაში სძინავს, რადგან სახელმწიფოსგან თითქმის არანაირი მხარდაჭერა არ ყოფილა.

კონფლიქტების მონიტორინგის ორგანიზაციის, Armed Conflict Location & Event Data project-ის (ACLED) მონაცემებით, არტიბონიტის (Artibonite) რეგიონში, სადაც ჟან-დენის სასაკლაო მოხდა, ბანდებისა და ადგილობრივი თავდაცვის ჯგუფების მონაწილეობით ძალადობრივი ინციდენტების რაოდენობა 2021 წლის 39 მაჩვენებლიდან, 2025 წლისთვის 238-მდე გაიზარდა.

“ისინი იტაცებენ ადამიანებს, წვავენ ეკლესიებსა და სკოლებს, წვავენ სახლებს, სადაც ადამიანები არიან გამომწყვდეულნი, აწყობენ სასაკლაოებს, კლავენ, აუპატიურებენ …“ - ამბობს ის.

დღეს ბანდებს შორის ბრძოლა მხოლოდ უბნებისა და მთავარი გზებისთვის აღარ მიმდინარეობს, სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი იზოლირებული სასოფლო-სამეურნეო მიწები, სასაზღვრო პუნქტები და ის შორეული თემები ხდება, რომლებიც ქვეყნის არალეგალური ვაჭრობის დერეფნებზე მდებარეობენ.

ანალიტიკოსების თქმით, ძალადობის სამხრეთით გავრცელება შესაძლოა სახელმწიფოს იმ მცდელობების შედეგი იყოს, რომლითაც დედაქალაქზე კონტროლის დაბრუნებას ცდილობს, რაც ბანდებს აიძულებს ისეთ ადგილებში გადაინაცვლონ, სადაც სამთავრობო ძალები სუსტად არიან წარმოდგენილნი.

2024 წელს, ჰაიტიში წესრიგის აღდგენის მიზნით, დიდწილად აშშ-ის მიერ დაფინანსებული და კენიის პოლიციის ოფიცრების მიერ მართული უსაფრთხოების მხარდაჭერის მრავალეროვნული მისია (MSS) განლაგდა. თუმცა, მიუხედავად გარკვეული ტაქტიკური წარმატებებისა, ამ ძალამ ვერ შეძლო ბანდების ძალაუფლების ფართო ექსპანსიის შეჩერება და ქვეყანა ოფიციალურად აპრილში დატოვა.

← მთავარი