← მთავარი
საზოგადოება

სინდისის პატიმრების მშობლები საზმაუს შენობასთან შეიკრიბნენ — ისინი ეთერის დათმობას სთხოვენ

9 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
სინდისის პატიმრების მშობლები საზმაუს შენობასთან შეიკრიბნენ — ისინი ეთერის დათმობას სთხოვენ

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და მშობლები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. აქციის მონაწილეები ტელეკომპანიის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს მწვავედ აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ წელიწად-ნახევარზე მეტია, მათ ხმას საზოგადოებრივი ტელევიზია შეგნებულად ახშობს.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არხი მოქალაქეების გადასახადებით ფინანსდება და ვალდებულია მიუკერძოებლად ასახოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, სინდისის პატიმრების თემატიკა და ოჯახების ბრძოლა სრული ბლოკადის პირობებშია. მშობლები აღნიშნავენ, რომ სასამართლო სხდომების დახურვის ფონზე, მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირდაპირი ეთერი, რათა საზოგადოებას შვილების საქმეებზე რეალური ინფორმაცია მიაწოდონ.

სინდისის პატიმრების მშობლები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას კონკრეტულ ულტიმატუმს უყენებენ — ისინი პასუხს დღესვე, 12 საათის განმავლობაში, საღამომდე ელიან და მანამდე შენობის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

“დღეს ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები, ოჯახის წევრები, მივმართავთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, სამეურვეო საბჭოს და საზოგადოებას.

უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია, ჩვენ ფაქტობრივად მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან მივმართოთ ქვეყნის მოქალაქეებს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ხმა არ ისმის იმ მაუწყებელში, რომელიც ფინანსდება საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით და, შესაბამისად, ეკუთვნის მთელ საზოგადოებას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან ხელისუფლებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონითა და მისი მანდატით, მას ეკისრება ვალდებულება, სრულყოფილად, მიუკერძოებლად და ობიექტურად გააშუქოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები, უზრუნველყოს განსხვავებული მოსაზრებების წარმოდგენა და დაიცვას საზოგადოების უფლება, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია.

სინდისის პატიმრების საქმეები, მათი უფლებრივი მდგომარეობა, მათი ოჯახების ბრძოლა და საზოგადოების ფართო ინტერესი უდავოდ წარმოადგენს განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს. ამ თემის იგნორირება ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს დაფუძნებული.

ჩვენი პირველი მოთხოვნაა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაშუქდეს ჩვენი დღევანდელი ბრიფინგი და საზოგადოებამ გაიგოს ჩვენი მოთხოვნები.

ჩვენი მეორე მოთხოვნაა უახლოეს პერიოდში გაიმართოს ოფიციალური სამუშაო შეხვედრა, ჩვენსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას შორის.

ჩვენი მესამე მოთხოვნაა სინდისის პატიმრების, პოლიტპატიმრების მშობლებსა და ოჯახის წევრებს დაგვითმონ პირდაპირი ეთერი, რომ ამ არხითაც მივაწვდინოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას. რათა სასამართლო სხდომების დახურვის პირობებში საქართველოს მოსახლეობას თავადაც მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი შვილების, ოჯახის წევრებისა და მათი საქმეების შესახებ.

მეოთხე — მივმართავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, ჩანიშნოს სხდომა და გვიპასუხოს კითხვებზე რატომ არც ერთხელ არ დაგვეთმო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი პატიმრების ოჯახის წევრებს? რატომ არ შუქდებოდა ჩვენი აქტივობები, მაშინ, როცა ჩვენ თითქმის მთელი საქართველო შემოვიარეთ, მოქალაქეებთან პირადად მივიტანეთ თავისუფლების ხმა ციხიდან და გავმართეთ ასზე მეტი ღონისძიება, აქცია თუ სხვაგვარი აქტივობა, გვიპასუხეთ ჩვენ და საზოგადოებას, მიუხედავად არაერთხელ სხვადასხვაგვარი ფორმით მომართვისა, რატომ არ დაგვეთმო ეთერი?

ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულ მოპყრობას. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ იმას, რაც ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს — თანაბარ წვდომას საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას და საზოგადოების ინფორმირების უფლებას.

ჩვენ წარმოდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ველოდებით პასუხს დღესვე და 12 საათის განმავლობაში საღამომდე ვიქნებით აქ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან.

მოვუწოდებთ ყველა ჩვენს გულშემატკივარს გამოხატონ პოზიცია, ვიმსახურებთ და გვეკუთვნის თუ არა პირდაპირი ეთერი წელიწადნახევრიანი დაუღალავი ბრძოლის შემდეგ მაინც საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ემსახუროს საზოგადოებას, დაიცვას საზოგადოებრივი ინტერესი და არ დატოვოს ჩრდილში არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი.

დღეს სწორედ ამ პასუხისმგებლობის შესრულებას მოვითხოვთ”, — აღნიშნულია მშობლების ერთობლივ განცხადებაში.

← მთავარი