← მთავარი
საზოგადოება

თბილისში საერთაშორისო სიმპოზიუმი „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ გაიხსნა

14 ოქტომბერი, 2026 · წყარო: civil.ge
თბილისში საერთაშორისო სიმპოზიუმი „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ გაიხსნა

11 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მართლმადიდებელი სასულიერო პირები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და უცხოური საეკლესიო დელეგაციები საერთაშორისო სიმპოზიუმის „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ გახსნის ცერემონიაზე შეიკრიბნენ. ღონისძიება საქართველოს მიერ ქრისტიანობის მიღების 1 700 წლისთავს ეძღვნება.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სიმპოზიუმი, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდება და მოიცავს თემატურ სესიებს მეცნიერების, ისტორიკოსების, თეოლოგებისა და სასულიერო პირების მონაწილეობით, მიზნად ისახავს საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობისა და მისი ისტორიული, კულტურული და სულიერი მნიშვნელობის ღრმა გააზრების ხელშეწყობას, ასევე მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში საქართველოს როლის წარმოჩენას.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა პატრიარქი შიო III. დამსწრეებს ასევე მიმართეს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ღონისძიებას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი უძღვებოდა.

თავის მისასალმებელ სიტყვაში პატრიარქმა შიო III-მ განაცხადა, რომ „ქრისტიანობამ მისცა ძალა ქართველ ერს, შეექმნა ის სრულიად განსაკუთრებული სულიერ-კულტურული სამყარო, რომელმაც ჩვენი ქვეყანა საერთო ქრისტიანული ცივილიზაციის ძვირფას მარგალიტად აქცია“.

თანამედროვე გამოწვევეზე საუბრისას, პატრიარქმა გააფრთხილა, რომ ტექნოლოგიებმა არ უნდა გადაფაროს სულიერება: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი – ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას; პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება“.

მისი თქმით, თანამედროვე მეცნიერება და ტექნოლოგიები მნიშვნელოვან შესაძლებლობებს იძლევა. „ცრუ ფასეულობებმა და იდეოლოგიებმა არ უნდა დაგვაკარგვინოს თავისუფალი ნება, სიყვარული, თანაგრძნობის უნარი, თავმდაბლობა და სინდისი“, – აღნიშნა პატრიარქმა.

„დრონი იცვლებიან, მაგრამ ქრისტიანის მოწოდება უცვლელია – იღვაწოს და იცხოვროს უფლის რწმენით, ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულითა და თავდადებით“, – განაცხადა მან.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას პატრიარქმა განაცხადა, რომ „დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს“.

ყაველაშვილმა, რომელმაც პატრიარქის შემდეგ ისაუბრა, შვიდკომპონენტიანი ფორმულა წარმოადგინა: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, მამული, ენა, სარწმუნოება და ოჯახი.

„ეს შვიდკომპონენტიანი უნიკალური ფორმულა, რომელიც წმინდა ილია მართალის მე-19 საუკუნის ეროვნულ ტრიადასა და უწმინდესი ილია II-ის სულიერ მემკვიდრეობას ეფუძნება, სცდება დროითა და სივრცით საზღვრებს და ორგანულად აერთიანებს ქართული ეროვნული აზროვნების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას – მათ შორის ქართული გონისა და სულის ისეთ უზენაეს მწვერვალებს, როგორებიცაა შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას უკვდავი მემკვიდრეობა“, – განაცხადა მან.

„დღეს, როდესაც გლობალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქა ადამიანის იდენტობის გაუფასურებას ცდილობს, ეს მარადიული ღირებულებები ჩვენს უმთავრეს ეგზისტენციალურ ფარად გვევლინება“, – აღნიშნა ყაველაშვილმ. „ამ იდეალებით აღზრდილი ქართველი ახალგაზრდობა არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება ბევრად უფრო დაცული, პროგრესული, მორალურად მყარი და ემპათიური“.

თავის სიტყვაში კობახიძემ ქვეყნის ისტორიაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლს, ასევე ქრისტიანულ ღირებულებებსა და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარებას შორის.კავშირს გაუსვა ხაზი.

„დედაეკლესია საუკუნეების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის სულიერი საყრდენი“, – განაცხადა მან. ჩვენი უდიდესი საერო და სასულიერო მოღვაწეების ძალისხმევაც ასწლეულების განმავლობაში ამ ძლიერი ფუნდამენტის განმტკიცებისკენ იყო მიმართული“.

„ეკლესიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ მტკიცედ დავიცავთ მემკვიდრეობას, რომელსაც ჩვენი ეროვნული ერთობა და განვითარება ეფუძნება. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი – ის ღირებულებებია, რომლებზე ზრუნვაც სწორედ პატრიარქმა ილია მეორემ გვიანდერძა. მისასალმებელია, რომ საერთაშორისო სიმპოზიუმი სწორედ ამ თემაზე იმართება და მიზნად ისახავს ამ ფასეულობებს შორის ურთიერთკავშირისა და თანამედროვე ცხოვრებაში მათი მნიშვნელობის გააზრებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ქრისტიანობის როლს ქართული იდენტობის შენარჩუნებაში იმ პერიოდებში, როდესაც ქვეყანამ სახელმწიფოებრიობა დაკარგა.

„აწმყოში სახელმწიფოს ძლევამოსილება მისი ეკონომიკური, ტექნოლოგიური, სამხედრო სიძლიერით იზომება. მაგრამ ისტორიას სულ სხვა საზომი აქვს. საუკუნეებს მხოლოდ ის სახელმწიფო უძლებს, რომლებიც საკუთარ იდენტობას ინარჩუნებს. ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი გაკვეთილი სწორედ ეს არის: სახელმწიფოებრიობა შეიძლება დროებით დაკარგო, მაგრამ თუ ერი საკუთარ იდენტობას ინარჩუნებს, სახელმწიფოს აღდგენის შესაძლებლობაც რჩება“, – განაცხადა მან.

დასასრულს მან აღნიშნა, რომ „1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის. ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა. ეს არის ჩვენი საერთო წარსულის გახსენების და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის დღე“.

← მთავარი