← მთავარი
სპორტი

"ის ჩემი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია" - სიმეონემ ალვარესის მომავალზე ისაუბრა

3 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ხულიან ალვარესის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, არგენტინელმა ფორვარდმა ღიად განაცხადა, რომ მას “როხიბლანკოს” დატოვება და საკუთარი ოცნების ასრულება, ანუ კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელება სურს, “ატლეტიკო” კი ალვარესის გაყიდვას არ აპირებს.

სიმეონეს თქმით, იგი ხულიანს “ალბისელესტეს” სავარჯიშო ბაზაზე გაესაუბრა, თუმცა მის მომავალზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

“ჩემი შეხვედრა ალვარესთან? ნაკრებს ჩემი შვილის სანახავად ვესტუმრე. მქონდა შესაძლებლობა ცოტა ხნით დავლაპარაკებოდი ხულიანს. ვკითხე მისი მდგომარეობის და ტერფის შესახებ. მან მითხრა, რომ უკვე 100%-ით კარგად არის. ბოლო მატჩში ბოლომდე თავის ფორმაში არ იყო, მაგრამ ახლა უკვე დაბრუნდა თავის ტემპში და უფრო მაღალი ინტენსივობით თამაშობს.

ალვარესი გამორჩეული ფეხბურთელია. ის ამჟამად ჩემს გუნდში საუკეთესოა. ციფრები ამას ნათლად აჩვენებს, მისი მაჩვენებლები განსაკუთრებულია. მან უკვე აჩვენა ძალიან მაღალი დონის თამაში ჩვენს გუნდში. ჩვენ კმაყოფილები ვართ მისი პროგრესით”, - სიმეონეს სიტყვებს ESPN-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ “ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ალვარესის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ, თუმცა დიდხანს მოცდას არ აპირებენ.

← მთავარი