სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXI ტური] ეს ერთეული შემთხვევა კი არა, უკვე ტენდენციაა... | Lelo.Ge
დასრულდა ეროვნული ლიგის XXI ტური, რომელიც უხვგოლიანი გამოდგა და ბევრი საინტერესო მოვლენაც დაიტია. მთავარი კი ესაა - ჩემპიონატს კვლავ დებიუტანტი “რუსთავი” ლიდერობს და არც ის უნდა გაგვიკვირდეს, სეზონის ბოლოს ოქროსაც რომ გამოჰკრას ხელი.
“რუსთავმა” პირველივე ტაიმში მოუთავა საქმე თბილისის “დინამოს”. ქვემოქართლელებმა მაგრად ითამაშეს შეტევაშიც და დაცვაშიც, “დინამო” კი ჯერაც ვერ გამოსულა ვილნიუსური შოკიდან…
გოლუხვ მატჩში “ტორპედომ” “იბერია 1999” დაამარცხა. ვიხილეთ 7 გოლი და კიდევ არაერთი საგოლე მომენტი. გადამწყვეტი დარტყმა კი დიეგო დეისაძისა იყო - ლეგენდარული მარადონას სეხნიას დიდებული თავური გამოუვიდა!..
თბილისურ კლუბს კი სამ ფრონტზე (ევროტურნირები, ეროვნული ლიგა, საქართველოს თასი) თანაბარი წარმატებით ბრძოლა გაუჭირდება, თუ როტაციისთვის სათადარიგო სკამი არ გააძლიერა.
“დილა” საშინაო შეხვედრაში აგებდა “მეშახტესთან”, მაგრამ დიამანტის ვავალისის გაწვრთნილმა გუნდმა საკუთარ თავში ძალა იპოვა და თამაში შემოატრიალა. კარგად ითამაშა გორელთა ლიდერმა შოთა შეყილაძემ, ვინც დუბლი მიითვალა.
ბათუმის “დინამო” კი ბევრად უკეთესი იყო “სამგურალზე” და ეს ანგარიშშიც აისახა. ზღვისპირელებმა წყალტუბოში 4 უპასუხო გოლი გაიტანეს და შეგვახსენეს, რომ ტიტულისთვის ისინიც იბრძოლებენ.
ტურის დასკვნით მატჩში “გაგრა” დაუხვდა “სპაერს”. ამ გუნდების მიზანი ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა (ოღონდ, პლეი-ოფის გარეშე). თამაში დაძაბული და არასანახაობრივი გამოდგა. საბოლოოდ, გუნდები მშვიდობიანად გაიყარნენ, ოღონდ, ხაზგასასმელია, რომ დებიუტანტმა ეს 10 კაცით მოახერხა.
გთავაზობთ “ლელოს” ვერსიით შედგენილ ეროვნული ლიგის XXI ტურის სიმბოლურ ნაკრებს, რომლის ტაქტიკურ სქემადაც 3-4-3 განლაგება ავირჩიეთ. აქვე უნდა ვთქვათ, რომ დასრულებულ ტურში შემტევებმა იმდენად კარგად წარმოაჩინეს თავი, რომ სიმბოლურ ნაკრებში, ცხადია, ყველა მათგანისთვის არ მოიძებმა ადგილი…
მეკარე პაპუნა ბერუაშვილი (5, რუსთავი) - ექსდინამოელმა შესანიშნავად ჩაატარა მატჩი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ. არაერთხელ იხსნა გუნდი მეორე ტაიმში. “დინამოს” კიდევ ერთი აღზრდილი, რომელიც სათანადოდ ვერ გამოიყენა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა.
დაცვა დავიდ ოლივეირა (რუსთავი) - შესანიშნავი იყო როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. მეტოქის არაერთი სახიფათო იერიში გაანეიტრალა. სწორედ შეტევაში მის ჩართვას მოჰყვა რუსთაველთა პირველი გოლი, როცა მისი დარტყმის შემდეგ მეკარისგან უკუგდებულ ბურთს დე ალმეიდამ კარში მიუჩინა ადგილი. დავით ბუკია (ტორპედო) - ქუთაისელთა ახალგაზრდა მცველმა “იბერიასთან” შეხვედრაში თავი შედეგიანი გარჯით გამოიჩინა. ზოგადად ქუთათურთა დაცვა ამ მატჩში შეუცდომელი არ ყოფილა, მაგრამ ბუკია შეტევით ფაზაში ბრწყინვალე იყო. მან გოლს საგოლე გადაცემაც დაამატა და ეს უნდა დავუფასოთ. დირკ კარლსონი (დინამო ბთ) - ლუქსემბურგის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ის ფეხბურთელია, რომელმაც, წესით, ძალიან ბევრი რამ უნდა მისცეს ბათუმის “დინამოს” უკანა ხაზს. დავაკვირდით მის თამაშს და აშკარაა - ყველა კომპონენტში ეტყობა სათამაშო კლასი.
ნახევარდაცვა პრინს ოსეი (3, რუსთავი) - პარტნიორ სოლომონ კესისთან ერთად მაგრად ითამაშა თბილისის “დინამოსთან”. პირველ ტაიმში, როცა თამაშის ბედი გადაწყდა, უამრავი პრობლემა შეუქმნა მეტოქის დაცვას და შედეგიანი დარტყმითაც გამოირჩა. ჩვენი პირველობის ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერია. უერდი მარა (5, დინამო ბთ) - ეჭვგარეშეა, ალბანელი ნახევარმცველი ერთ-ერთი გამორჩეულია ჩვენს ჩემპიონატში. მარას თამასა დაბლა არც “სამგურალთან” შეხვედრაში დაუგდია. საგოლე გადაცემას გოლიც მიაყოლა და დიდი წვლილი შეიტანა ბათუმელთა წარმატებაში. კევინ სეიხასი (2, რუსთავი) - რუსთაველთა არგენტინელმა ნახევარმცველმა ეროვნულ ლიგაში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა. საგოლე გადაცემა მიითვალა სტანდარტული სიტუაციიდან. ზოგადად, მაგრად ასრულებდა “სტანდარტებს” და მოედნის ცენტრშიც ერთობ რაციონალურად და ჭკვიანურად მოქმედებდა. ლუკა წულუკიძე (2, დინამო ბთ) - კარგია, რომ ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ თავისი თაობის ერთ-ერთი ლიდერი მაინც შევიდა ოპტიმალურ ფორმაში. “სამგურალთან” მატჩში შეასრულა საგოლე გადაცემა და გაიტანა ულამაზესი გოლი. ჩვენი აზრით, კიდევ შეუძლია მომატება.
თავდასხმა შოთა შეყილაძე (3, დილა) - “დილას” ვერ აქვს ისეთი სეზონი, როგორსაც თავად და ქომაგიც ისურვებდა, მაგრამ შოთა შეყილაძე თუ საგოლე იშტაზეა, მისი შეჩერება ძალიან ჭირს. ასე იყო ტყიბულის “მეშახტესთან” შეხვედრაში. გამოცდილმა ფორვარდმა ჯერ თავით შეაგდო, მერე კი უნაკლოდ შეასრულა 11-მეტრიანი. დიეგო დეისაძე (3, ტორპედო) - ისეთი თავურით მოაგებინა ქუთაისის “ტორპედოს”, საქართველოს ჩემპიონატში ძალიან იშვიათად რომ ნახავთ. გარდა ამისა, მთელი მატჩის განმავლობაში უდიდესი მოცულობის სამუშაო შეასრულა და ნამდვილად საცოდაობა იქნებოდა, მინდვრიდან უგოლოდ რომ გასულიყო. ჟან სოუზა დე ალმეიდა (4, რუსთავი) - სწორედ მისი გოლის შემდეგ დაწინაურდა “რუსთავი” თბილისის “დინამოსთან” მატჩში. რუსთაველთა სელექცია მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს. დე ალმეიდა ჩვენი სიტყვების ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა - ფორვარდი, ვისაც გოლის ალღო სისხლში აქვს გამჯდარი.
მწვრთნელი გიორგი ცეცაძე (7, რუსთავი) - ეროვნული ლიგის დებიუტანტი ლიდერია. ეს უკვე განსაკუთღებული ამბავია. “რუსთავმა” ძალიან ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენა თბილისის “დინამოსთან” მატჩში და ამ დროს მთავარი დამსახურება სწორედ მწვრთნელისაა. თანაც, ეს ერთეული შემთხვევა კი არა, უკვე ტენდენციაა.