სიძულვილის ენის მონიტორინგის სამმართველო 1 ივნისიდან 10 თანამშრომლით ამოქმედდა
1 ივნისიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიძულვილის ენის წინაღმდეგ ბრძოლის სამმართველო ამოქმედა. პირველ ეტაპზე სამმართველო 10 საშტატო ერთეულით კომპლექტდება.
რას გააკეთებს სამმართველო
სამმართველოს ამოცანებია: ადამიანის ღირსების შემლახველი-შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯარო გამონათქვამების გამოვლენა-მონიტორინგი; სავარაუდო სამართალდამრღვევის ვინაობის დადგენა; ადმინისტრაციული ოქმის შედგენა; სასამართლოში გადაგზავნა. ყველა ქმედება, შსს-ს განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში წარიმართება.
სამმართველოს ხელმძღვანელი გიორგი მინდიაშვილი გახდა — 2024 წლიდან შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი, მანამდე — პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.
ინიციატივის წარმომავლობა
ინიციატივა 18 მაისს სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ წარადგინა. მისი თქმით, მიზანია „სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის” წინაღ ბრძოლა, და „არა — გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.”
კრიტიკა
„ქართული ოცნების” კრიტიკოსები ამ განმარტებას ეჭვით ეხვდებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ გასული წლის განმავლობაში არაერთი მოქალაქე — მათ შორის, აქტივისტები და ჟურნალისტები — დააჯარიმა სოციალური ქსელის პოსტებისთვის, რომლებიც მაღალჩინოსნებმა შეურაცხმყოფლად მიიჩნიეს.
„ავტორიტარული სისტემები ასე აფართოებენ ძალაუფლებას: ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე დასჯის აპარატს აშენებენ,” — განაცხადა თამთა მიქელაძემ.