„სიძულვილის ენის” სამმართველომ მუშაობა დაიწყო — ვინ არის მისი ხელმძღვანელი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 ივნისს ოფიციალურად გახსნა ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო. ახალ სტრუქტურას, საწყის ეტაპზე, ათი თანამშრომელი ჰყავს, ხოლო ხელმძღვანელად შსს-ს ყოფილი იურისტი — თამთა ქიმბარიშვილი — დაინიშნა.
სამმართველო ადამიანის ღირსების შემლახველ, შეურაცხმყოფელ ან სიძულვილის ენის შემცველ საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებს ამოწმებს — მათ, რომლებიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს. გამოვლენის შემდეგ სტრუქტურა ადმინისტრაციული წარმოების მასალებს ამზადებს და საქმეს სასამართლოს გადასცემს.
ვინ არის თამთა ქიმბარიშვილი
ქიმბარიშვილი ცნობილია კონკრეტული სასამართლო საქმეებით. 2025 წელს, ლაშა ჩხარტიშვილის ფეისბუკ-პოსტზე გამოქვეყნებულ კომენტარზე — „ახალგაზრდა გოგო და ასეთი ძუკნა” — მოქალაქე დიანა გოგოლაძე 2500 ლარით დაჯარიმდა. კომენტარი ქიმბარიშვილის ფოტოს ახლდა; ბრალდებული სასამართლო წარმოება ქიმბარიშვილმა, როგორც შსს-ს იურისტმა, წარმართა.
ქიმბარიშვილი ასევე მონაწილეობდა „კოალიცია ცვლილებისთვის”-ის პრესსამსახურის თანამშრომლებისათვის, მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილისათვის, პატიმრობის შეფარდების წარმოებაში. 2025 წლის ოქტომბერში კი ის შსს-ს წარმოადგენდა რეჟისორ გიორგი თავართქილაძის „გზის გადაკეტვის” საქმეზე.
ინიციატივა ახალი სამმართველოს შექმნის შესახებ სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძეს ეკუთვნის. შსს ხაზს უსვამს, რომ სამმართველო „უკვე მოქმედ საკანონმდებლო ჩარჩოს” ფარგლებში იმოქმედებს.