შვიდკოი: სტურუას დადგმის ნახვა ისე მინდოდა, თბილისში ჩამოსვლა ღონისძიებას დავამთხვიე
ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობაში, მიხაილ შვიდკოი Российская газета-ში საკუთარ წერილს ავრცელებს, სათაურით “ჩემი უნებლიე დუმილი”.
სათაური არის ალუზია ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსიდან “ჩემი ლოცვა”, რომლის სტრიქონიც - “მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად!” - რუსულში ნათარგმნია როგორც “Мои нечаянные умолчанья// В молитвы мне по благости зачти” (“ჩემი უნებლიე დუმილი შენდამი ლოცვად მოწყალედ მიმითვალე”).
წერილში შვიდკოი ირწმუნება, რომ თბილისში რეჟისორი რობერტ სტურუას მიერ დადგმული “ვეფხისტყაოსნის” სანახავად ჩამოვიდა. ის სტურუას და მის მიერ დადგმულ სპექტაკლს აქებს.
“რობერტ სტურუას ახალი სპექტაკლის, “ვეფხისტყაოსნის”, ნახვის სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ თბილისში ჩემი მოგზაურობა სწორედ ამ ღონისძიებას დავამთხვიე. ამ ახალი დადგმით საქართველოს ეროვნული თეატრი თავის 178-ე სეზონს ასრულებდა. ბედმა გამიღიმა, რომ ამ ხნის მესამედის განმავლობაში მისი მადლიერი მაყურებელი ვყოფილიყავი.” - წერს შვიდკოი.
პუტინის წარმომადგენელმა წერილში რუსული ლიტერატურის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ახსენა ”განათლების საფოსტო ცხენების” წვლილი. ამ ტერმინით ალექსანდრე პუშკინი მთარგმნელებს მოიხსენიებდა. შვიდკოის მტკიცებით, რუსული ლიტერატურა, თარგმანების ჩათვლით, დიდ როლს თამაშობს პოსტსაბჭოთა სივრცეში.
“არ დავმალავ, რომ თბილისში გამგზავრებამდე, როდესაც ამ დიდი პოეტური ტექსტის თარგმანებს ხელახლა ვკითხულობდი (“ვეფხისტყაოსანი” რუსულად თარგმნეს კონსტანტინ ბალმონტმა, ნიკოლაი ზაბოლოცკიმ, პანტელეიმონ პეტრენკომ და შალვა ნუცუბიძემ), გამიჩნდა სურვილი, ალექსანდრე პუშკინის კვალდაკვალ, განმედიდებინა “განათლების საფოსტო ცხენების” შრომა. სამამულო მთარგმნელობითმა ტრადიციამ მსოფლიო კულტურისკენ ფანჯრები და კარები გააღო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა “მთელი მსოფლიოსადმი გამოხმაურების უნარი რუსული ლიტერატურისა”. დარწმუნებული ვარ, მრავალენოვანი მსოფლიო სიტყვიერების ასეთი ფართო დაფარვით მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის გეოგრაფიულ სივრცეში არ გამოირჩევა. თუმცა სწორედ ამ სივრცეში ის დღემდე იძლევა შესაძლებლობას, წაიკითხო მრავალი ნაწარმოები, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ნათარგმნი ახალი სახელმწიფოების ეროვნულ ენებზე.” - წერს შვიდკოი.
“მაგრამ, როგორც ჩანს, ამ მსჯელობის გაგრძელება სხვა დროისთვის უნდა გადავდოთ.” - წერს შვიდკოი და წერილში რობერტ სტურუას წარსულს 1960-იანი წლებიდან იხსენებს.
რობერტ სტურუას ბიოგრაფიის გახსენების შემდეგ შვიდკოი “ვეფხისტყაოსნის” დადგმაზე საუბრობს. პუტინის წარმომადგენლის თქმით, სტურუას დადგმაში არ არის ორიგინალი ტექსტისადმი “მონური ერთგულება”, თუმცა სპექტაკლი “პოემის დიდ ჰუმანისტურ არსს სრულად გადმოსცემს”.
"”ვეფხისტყაოსანი” საქართველოსთვის უბრალოდ XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე დაწერილი პოემა არ არის. ეს ეროვნული მსოფლმხედველობის საფუძველთა საფუძველია, რომელიც ყოველი ქართველის ცხოვრებას დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე გასდევს. სწორედ ამიტომ რობერტ სტურუას დადგმამ მწვავე დისკუსიები გამოიწვია როგორც თეატრალურ კრიტიკოსებს შორის, ისე ქართულ საზოგადოებაში. სად გადის რეჟისორის თავისუფლების საზღვრები, როდესაც ის პოემის ტექსტს, რომლის სრულად წაკითხვას ათ საათზე მეტი სჭირდება, მეტაფორული სახეებით გაჯერებულ, ოთხმოცდაათ წუთზე ნაკლებხნიან სპექტაკლად აქცევს? შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის ახალ ნამუშევარში არ არის ორიგინალის ტექსტისადმი მონური ერთგულება, თუმცა იგი პოემის დიდ ჰუმანისტურ არსს სრულად გადმოსცემს. სპექტაკლი იმ მაყურებელზეა გათვლილი, რომელმაც უკვე იცის სამი რაინდის ხეტიალისა და გმირობის ბედნიერი დასასრული – რომ ისინი საბოლოოდ თავიანთი საყვარელი დედოფლებისა და ასულების მკლავებში ჰპოვებენ ნანატრ თავშესაფარს.” - წერს პუტინის წარმომადგენელი.
შვიდკოი სტურუას სპექტაკლის ქებას აგრძელებს.
“რობერტ სტურუა სცენას სრულად აფართოებს – უკანა კედლიდან პარტერის პირველ რიგებამდე, მაყურებელთა დარბაზისკენ “ყვავილების გზას” ავლებს. ის სცენას სრულად აშიშვლებს და ქმნის უსასრულო სამყაროს, ადამიანური ყოფიერების სახეს, რომელიც კოსმოსშია გახსნილი, სადაც სატრფოსკენ მიმავალი გზა ძალების უკიდურეს დაძაბვას მოითხოვს და სულიერი განსხივოსნება მოაქვს. რადგან ეს სიყვარულის სახელით ჩადენილი გმირობებია. სიყვარული, რომელიც სიცოცხლეს ტანჯვითა და აზრით ავსებს, ადამიანს სრულყოფისკენ მიიყვანს. რეჟისორი მაყურებელს ემოციური შეჯახებებით აჯადოებს, რეფლექსიისადმი ღია ვნებიდან სასიყვარული გულისყრებამდე. დ. უფლისაშვილი (როსტევანი), ქ. სვანიძე (თინათინი), ლ. ხურცია (ავთანდილი), ლ. ჯულარაშვილი (ტარიელი) [რედ. - გულისხმობს ჯუხარაშვილს] დახვეწილი და მძაფრი თეატრალური თამაშის ტონს აძლევენ სპექტაკლს, ხოლო მათ ახალბედა მსახიობები, რომლებიც ახლახან შეუერთდნენ დასს, ღირსეულად ჰყვებიან.” - წერს შვიდკოი.
“და ნუ დავიჩივლებთ იმაზე, რომ რაღაც ბოლომდე არ არის ნათქვამი. გავიხსენოთ ნიკოლოზ ბარათაშვილი-ს სტრიქონები: “მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად!”” - ამბობს წერილის ბოლოს პუტინის წარმომადგენელი.
შვიდკოი ბოლო სამ თვეში თბილისში მეორეჯერ ჩამოვიდა. შვიდკოი არამხოლოდ პუტინის სპეციალური წარმომადგენელია საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობაში, არამედ მოსკოვის მიუზიკლის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიც არის. ის თბილისში 14-15 ივნისს ამ თეატრის ”ცირკის პრინცესისა” და “რევერსის” კინოსპექტაკლის ჩვენებას დაესწრო, როგორც ამას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია წერდა.
შვიდკოის აზრით, კულტურას რუსეთსა და საქართველოს შორის “ნდობის აღდგენა” შეუძლია. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან თბილისში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა.
აქამდე შვიდკოი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ს დაკრძალვის ცერემონიაზე რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.