შვედეთმა „ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერ Sea Owl 1-ის ახალი კაპიტანი დააკავა — ის, სავარაუდოდ, ქართველია
შვედეთის სატრანსპორტო სააგენტომ 15 მაისს, გვიან საღამოს, „ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერ Sea Owl 1-ის ახალი კაპიტანი დააკავა. შვედური გამოცემა Expressen-ის ცნობით, 63 წლის მამაკაცი საქართველოდანაა და ეჭვმიტანილია ყალბი დოკუმენტების წარდგენაში. გემს უკვე ჰქონდა ნებართვა პორტი დაეტოვებინა, მაგრამ სააგენტომ მისი დოკუმენტაცია „საეჭვო” მიიჩნია. დაკავებული ბრალდებებს უარყოფს.
ტანკერი Sea Owl 1 შვედეთის სანაპირო დაცვამ 2026 წლის 12 მარტს ტრელებორგის მახლობლად დააკავა. გემი ყალბი დროშით ცურავდა და მოქმედი რეგისტრაცია არ გააჩნდა. თავდაპირველი კაპიტანი — რუსი მოქალაქე — მასთან ერთად დაუყოვნებლივ დააკავეს. ორივე ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის” ინტერესებს ემსახურებოდა — სქემის მიზანია დასავლური სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის ტრანსპორტირება.