შვედეთის სასამართლო: ბალტიის ზღვაში დაკავებული რუსული გემი კანონიერად იქნა დაკავებული და შეიძლება უკრაინას გადაეცეს
შვედეთის სასამართლომ 4 ივნისის გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ბალტიის ზღვაში დაკავებული რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის” სატვირთო გემი Caffa კანონიერად შეიძლება გადაეცეს უკრაინას. გემს ბრალად ედება ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეულის უკანონო გადაზიდვა.
შვედეთის პოლიციამ და სანაპირო დაცვამ გემი Caffa მარტში, სამხრეთ შვედეთის სანაპიროსთან დააკავა. სამართალდამცველების მტკიცებით, გემი ყალბი დროშით დაცურავდა და საზღვაო ნავიგაციის წესებს არღვევდა. გემის მფლობელის, Caffa Shipping Limited-ის ადვოკატმა დაკავება გაასაჩივრა და გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ საჩივარი უარყო.
„სასამართლომ დაადასტურა, რომ CAFFA-ს დაკავება კანონიერ საფუძველზე განხორციელდა და რომ გემი შეიძლება უკრაინას გადაეცეს” — განაცხადა პროკურორმა ჰოკან ლარშონმა.
სასამართლოს განმარტებით, უკრაინა გემის გადაცემას ომის სავარაუდო დანაშაულების გამოძიების ფარგლებში ითხოვს — კერძოდ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქონების მითვისებასა და მისით ვაჭრობასთან დაკავშირებით.