შსს-ში სიძულვილის ენის მონიტორინგის სამართველო შეიქმნება — სამოქალაქო საზოგადოება „ცენზურაზე” საუბრობს
შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს ვადაში სპეციალურ სამართველოს დააარსებს, რომლის მთავარი ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.
ამ ინიციატივის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს შორის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ 18 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ახალი სამართველო „პროაქტიულ რეჟიმში” ამოქმედდება — ანუ მისი მუშაობა არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე. სამართველოს ექნება უფლება, მასალები სასამართლოში დამოუკიდებლად გაგზავნოს. „იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს”, — განაცხადა მდინარაძემ.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე განმარტა, რომ ინიციატივა „არ ისახავს მიზნად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას” და ევროპის სხვა ქვეყნების — ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის — პრაქტიკაზე დაყრდნობით იქნა შემუშავებული.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე პასუხობდა ახალი სამართველოს შესახებ. მისი თქმით, შსს-ს სამართველოს შეეძლება ინფორმაცია თავად შეაგროვოს ან საჯარო ინფორმაციის საფუძველზე კონკრეტული საქმეები წამოიწყოს. „მთავარია, რომ სისტემურად იმუშაოს შსს-ს შესაბამისმა ქვედანაყოფმა, რათა სამართალდარღვევებზე რეაგირება მყისიერი და ეფექტური იყოს”, — თქვა კობახიძემ.
სამოქალაქო საზოგადოება სხვაგვარად აფასებს ინიციატივას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, თამარ ონიანის შეფასებით, დაანონსებული მექანიზმი „ცენზურის ელემენტად” გვევლინება და „არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან”. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე, სიძულვილის ენის მონიტორინგს „ლეგიტიმურ” ამოცანად მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ ეს მანდატი პოლიციას კი არა, სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს.