შსს-ს „სისტემური მონიტორინგის” სამმართველო: რა ჩაითვლება სამართალდარღვევად — დარახველიძის განმარტება
შსს-ს „სიძულვილის ენის სისტემური მონიტორინგის” სამმართველო 1 ივნისიდან სრულად ამოქმედდება, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოხელე გიორგი დარახველიძემ. ახალ სტრუქტურას სიძულვილის ენის ფაქტების გამოვლენა და მათზე სამართლებრივი რეაგირება დაევალება.
რა ჩაითვლება სამართალდარღვევად
დარახველიძის თქმით, „პიროვნული თავდასხმები” გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს გარეთ ექცევა:
„თითოეული კრიტიკა, თავდასხმა — უხამსი თუ ვულგარული გამონათქვამი — თუ ლახავს კონკრეტული ადამიანის პირად ღირსებას, ამ შემთხვევაში უკვე ერთვება კანონი.”
ამასთანავე, ის განმარტავს, რომ პოლიტიკური კრიტიკა, მათ შორის უხამსი სიტყვებით გამოხატული, კვლავ „დაცული გამოხატვა” დარჩება, თუ ეს კრიტიკა კონკრეტულ ადამიანს კი არა, საზოგადოებრივ მოვლენას ან პოლიტიკას ეხება.
ვინ შეარჩევს სპეციალისტებს
დარახველიძის თქმით, სამმართველოს თანამშრომლები შეირჩევიან „გამოცდილების” საფუძველზე სხვადასხვა დანაყოფიდან — ახალი კადრების მობილიზება ნაკლებადაა გათვალისწინებული.
კრიტიკა
„ქართული ოცნების” ოპოზიცია და უფლებადამცველები სამმართველოს „ცენზურის მექანიზმად” მიიჩნევენ. მათი შეფასებით, „სიძულვილის ენასთან ბრძოლის” ფარგლებში ხელისუფლება მოქალაქეების ონლაინ გამოხატვაზე — მათ შორის სოციალური ქსელის პოსტებსა და ვიდეოებზე — კონტროლს ამყარებს.
სამმართველოს შექმნის შესახებ 18 მაისს მამუკა მდინარაძემ განაცხადა.