← მთავარი
პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებების დეპარტამენტს საჯარო სივრცის სიძულვილის ენის მონიტორინგი დაეკისრა

22 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
შსს-ს ადამიანის უფლებების დეპარტამენტს საჯარო სივრცის სიძულვილის ენის მონიტორინგი დაეკისრა

საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა.

მთავრობის დადგენილებით, დეპარტამენტს ძირითად ამოცანებს ორი ახალი ჩანაწერი დაემატა: „საჯაროდ ძალადობის ან სიძულვილის მოწოდების დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე დროული რეაგირებისა და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა” და „საჯაროდ გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი გამონათქვამების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებით”.

ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია მკაცრად აფასებს:

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც 2018 წელს შევქმენით მოწყვლადი ჯგუფების — ქალების, ბავშვების, უმცირესობების — უფლებების დასაცავად, ბოლოს გადაიქცეოდა კრიტიკისაგან ხელისუფლების დაცვის დანაყოფად.”

„ის, რაც ახლა ხდება, არის ცენზურა.”

18 მაისს სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენას, შეურაცხმყოფელ კამპანიებსა და აგრესიულ კომუნიკაციას მონიტორინგს გაუწევს. ახლა ეს ამოცანა ოფიციალურად ჩაიწერა უკვე არსებული დეპარტამენტის სავალდებულო ფუნქციებში.

← მთავარი