ბოლო 24 საათში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ განაცხადა, რომ შვიდ ბრალდებულს შორის ნაწილი პენიტენციარულ დაწესებულებაში, ნაწილი კი დაუსწრებლად წარუდგინეს — მათ შორისაა ორი „კანონიერი ქურდი”, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან: ლევან მარღია და ნოდარ შუკაკიძე.
ბრალდებულები „ქურდულ გარჩევებს” მართავდნენ და მოქალაქეებს შორის ფინანსური დავების „მოგვარებას” — ფულის გამოძალვის სანაცვლოდ — კისრულობდნენ. ვადების დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით ან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
გამოძიება ასევე ადასტურებს, რომ ჯგუფი თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით ეძებდა კონკრეტულ მსხვერპლებს — შემდეგ მათი ნების საწინააღმდეგოდ ინტერნეტბანკის გამოყენებით სესხებს ააქტიურებდა და თანხებს საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხავდა. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პრიმა, ტერცია, კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს — მაქსიმალური სასჯელი 15 წლამდე პატიმრობაა.