შსს მინისტრსა და სანქცირებულ მაღალჩინოსნებს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭათ
31 მაისს, პოლიციელის დღეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციამ გავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას და სხვა სამართალდამცველ მოხელეებს სახელმწიფო სპეციალური წოდებები მიენიჭათ.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სპეციალური წოდება ერგო დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ოთხი ქვეყნის მიერ სანქცირებულ პირებს — თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ვაჟა სირაძესა და სასაზღვრო პოლიციის უფროს სულხან თამაზაშვილს. ორივეს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სხვა მოხელეებთან ერთად დასახელდა — მას იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი წოდება მიანიჭა კობახიძემ.
ამ განცხადებამდე, 21 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის წოდება მამუკა მდინარაძეს, იმ დროისათვის სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს, მიანიჭა. ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ მდინარაძე სუს-ის ხელმძღვანელობას ტოვებდა და ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე ინიშნებოდა — ასევე ახლადშექმნილ პოზიციაზე „სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი”.