შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 44 პირი დააკავა ქურდულ სამყაროსთან კავშირში.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, დავით კიკნაძის განცხადებით, შვიდ ბრალდებულს — ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად — ბრალი წარედგინა. მათ შორის ორი „კანონიერი ქური” — ლევან მარღია და ნოდარ შუკაკიძე — საზღვარგარეთ იმყოფებიან.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ და „ქურდული გადაწყვეტილებებს” გამოჰქონდათ. ისინი ლევან მარღიასა და ნოდარ შუკაკიძეს უკავშირდებოდნენ, რომლებიც პირადი სარგებლის მიზნით მოქალაქეებს შორის ფინანსური და კრიმინალური დავების მოგვარებას „ქურდული წესებით” ახდენდნენ. ვადების გადაცდენის შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით ან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
სამართალდამცველებმა ასევე გამოავლინეს, რომ ჯგუფის წევრები თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, ირჩევდნენ მსხვერპლებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ ინტერნეტბანკის მეშვეობით სესხებს ააქტიურებდნენ. ამ გზით ანგარიშებზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ სეუფლებოდნენ მსხვილ თანხებს. გარდა ამისა, ისინი „კანონიერ ქურდებს” პოტენციური მსხვერპლების შესახებ ინფორმაციასაც აწვდიდნენ.
ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ცეცხლსასროლი იარაღები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.