← მთავარი
საზოგადოება

შსს აცხადებს, რომ დააკავეს 50 უცხოელი მიგრანტი

4 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
შსს აცხადებს, რომ დააკავეს 50 უცხოელი მიგრანტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს 50 უცხოელი არალეგალი მიგრანტი, მათ შორის - ინდოეთის, ვიეტნამის, თურქმენეთის, რუსეთის, ყირგიზეთის, სუდანის, პაკისტანის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, ტაჯიკეთის, იორდანიის, ნიგერიის, ბანგლადეშის, უგანდისა და კენიის მოქალაქეები.

უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით ჩაატარეს:

„გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით“.

შსს-ში აცხადებენ, რომ დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

ორი დღით ადრე, 2 ივლისს, შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმადვე, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე.

მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2036 უცხოელი არალეგალი გააძევეს საქართველოდან, რაც გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

2026 წლის თებერვალში, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დაბარებული „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ საქართველოში 20 ათასამდე არალეგალი მიგრანტი ცხოვრობს. მან თქვა, რომ 2026 წლის განმავლობაში იგეგმება არალეგალი მიგრანტების 20%-ის გაძევება.

2026 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული ცალკეული რეგულაციები.

← მთავარი