პატრიარქი შიო III დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შიო III საპატრიარქოში შეხვდა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს. შეხვედრა შედეგიანად შეაფასეს — დაისახა კონკრეტული გეგმები და შეიქმნება სამუშაო ჯგუფი.
ერთ-ერთი მშობლის, ზაქრო გვიშიანის თქმით, პატრიარქმა ვრცლად მოუსმინა ოჯახებს და განაცხადა, რომ ყველა საჭირო თანამდებობის პირთან ისაუბრებს.
„ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა იყო. ვფიქრობ, შედეგიანი. პატრიარქს და მეუფეებს მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რასაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვაჟღერებდით. დაისახა გეგმები ყველა მიმართულებით — კომუნიკაციის პროცესში ჩართვის, შესაძლოა, ფონდის შექმნის. გვაქვს იმედი, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება მაქსიმალურად სწრაფად,” — განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.
მშობლების განცხადებით, საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება — სამხრივი ფორმატით: მშობლები, სპეციალისტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები. შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილის, კახა წიქარიშვილის თქმით, საპატრიარქომ მშობლებს დაჰპირდა ხელისუფლებასთან „ჩატეხილი ხიდის” აღდგენა.
„საპატრიარქო შეგვპირდა, რომ პირდაპირ კომუნიკაციას ამყარებს ხელისუფლებასთან. არიან პაციენტები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, ვერც სახელმწიფო და ვერც სამედიცინო სექტორი ვეღარ ეხმარება. გარდა ამისა, დიდი პრობლემაა ის, რომ 18 წელს გადაცილებული მოზარდები სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე რჩებიან,” — განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიუშენის წამლის დაფინანსება „ხალხის ფულიდან” უნდა მოხდეს და მთავრობა ვალდებულია ეს სახსრები „პრაგმატულად და რაციონალურად” დახარჯოს.