შიო III-სგან სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ელიან — ზურაბიშვილი და ეკლესიის ლიდერები
ახალ კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს პოლიტიკური ლიდერები და სასულიერო პირები სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოლოდინს გამოუთქვამენ.
„ვისურვებდი, რომ პატრიარქმა პირველი ნაბიჯი გადადგას — შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი,” — განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი სიტყვებით, ახალმა პატრიარქმა უნდა გააგრძელოს ქართული ეკლესიის ისტორიული გზა — „დამოუკიდებლობის გაძლიერება და საზოგადოებრივი ერთობის კონსოლიდაცია.”
მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა, ინტრონიზაციის დაწყებამდე სვეტიცხოვლის წინ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალი პატრიარქი ამ საკითხს ხელისუფლების წინაშე დააყენებს: „მე არ მაქვს ინფორმაცია, მგონი გადაიხედება. ახალი პატრიარქი ამის თაობაზე დააყენებს საკითხს. მე დავუჭერ მხარს.”
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ ინტრონიზაციის დღეს დაადასტურა, რომ ეკლესია ხელისუფლებასთან ამ საკითხს განაახლებს. „ადრე ვთქვი, რომ კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან. გიდასტურებთ, დიახ, ასე იქნება. ახლა ძალიან რთულია გეგმებზე საუბარი — როდის, რა იქნება,” — განაცხადა ჯაღმაიძემ.
ამ ფონზე, ახალმა პატრიარქმა 22 ხმა მიიღო 39-დან; სხვა კანდიდატები — იობ აქიაშვილი (9 ხმა) და გრიგოლ ბერბიჭაშვილი (7 ხმა) — ნაკლები მხარდაჭერით ჩამოუვარდნენ. ქვეყნის ხელისუფლება ჯერ სინდისის პატიმრების გათავისუფლებაზე კომენტარს თავს იკავებს.