← მთავარი
საზოგადოება

„საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას” — შიო III-ის პირველი ქადაგება

12 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
„საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას” — შიო III-ის პირველი ქადაგება

ინტრონიზაციის ცერემონიის შემდეგ საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილ მრევლს, წმინდა სინოდსა და სახელმწიფო ხელმძღვანელობას პირველი ქადაგებით მიმართა.

განსაკუთრებული ადგილი ქადაგებაში უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დაეთმო. პატრიარქმა მემკვიდრეობითობის ხაზგასასმელად ბიბლიური წინასწარმეტყველების — ილიასა და ელისეს — მაგალითი გამოიყენა.

„შემთხვევითი არ არის, რომ ახსენეთ ილია მეორე, — განაცხადა შიო III-მ. — ჩვენ ყველა მისი ოჯახი ვართ, ის ჩვენი დიდი მამა იყო. ელისე წინასწარმეტყველი სთხოვდა უფალს, მრჩობლი მადლი მიეცა ილია წინასწარმეტყველთან შედარებით — არა იმიტომ, რომ ეჯობა სურდა, არამედ იმიტომ, რომ გრძნობდა ორმაგად უფრო უძლური იყო. ჩვენ ყველამ უნდა ვითხოვოთ უფლისგან მრჩობლი მადლი, ვიდრე მას ჰქონდა, რომ ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრება.”

პატრიარქმა ხაზი გაუსვა ეკლესიის ღიაობის მნიშვნელობას: „საჭიროა ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას — მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას.”

შიო III-მ ასევე ისაუბრა ქართველი ერის ისტორიულ გამძლეობაზე, ქრისტიანობის, როგორც ეროვნული თვითმყოფადობის ღერძის, განმსაზღვრელ როლზე და წმინდა ანდრია პირველწოდებულის მემკვიდრეობისადმი ერთგულებაზე. „ამ ღვთივკურთხეულ დღეს სვეტიცხოვლის წმინდა ტაძარში მიპყრობს კრძალვა და სასოებით შევღაღადებ უფალს: მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდე,” — თქვა პატრიარქმა.

← მთავარი