საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი შიო III-ია — ინტრონიზაცია ხვალ სვეტიცხოვლოში
საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირი გახდა. დღეიდან ის ეწოდება: მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III.
კენჭისყრაზე ტახტის მოსაყდრემ 39 ხმიდან 22 მიიღო. დანარჩენ კანდიდატებს — მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობ აქიაშვილს — 9 ხმა ერგო, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს — 7 ხმა, ერთი ბიულეტენი გაუქმდა.
გაფართოებული კრება სამების საპატრიარქო ტაძარში 13:00 საათზე დაიწყო. 1200-მდე დელეგატი და სტუმარი იყო მიწვეული. სამი კანდიდატი 28 აპრილს სინოდის სხდომაზე შეირჩა; გამარჯვებისთვის ნახევარზე მეტი — 20 ხმა — იყო საჭირო.
გამორჩევის შემდეგ შიო III-მ სიტყვა წარმოთქვა. მან მადლობა გადაუხადა სინოდის მღვდელმთავრებს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ღირს მამა შიომღვიმელს, სენაკ-ჩხოროწყუს ეპარქიის მფარველს — წმინდა ღირს ალექსი სენაკელს — და ეპარქიის სამღვდელოებასა და მრევლს.
„ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენს წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, იმედი, განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც. გაცნობიერებული მაქვს, ერთი მხრივ, ამ მოწოდების სიდიადე და პატივი და, მეორე მხრივ, ჩემი ადამიანური სიძლიერე და უძლურება,” — განაცხადა შიო III-მ.
ინტრონიზაციის თარიღად 12 მაისი, ხვალ, განისაზღვრა — სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, 10:00 საათზე. ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ პირველივე კვირას ან დიდ დღესასწაულზე კათოლიკოს-პატრიარქი ემსახურება. ხვალ იდღესასწაულება წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული.
„გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის. ილოცეთ ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის, რათა ერთობით, სიყვარულით და მშვიდობით ვადიდოთ უფალი და ღირსეულად გავაგრძელოთ ჩვენი მსახურება ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ,” — განაცხადა ახლად გამორჩეულმა პატრიარქმა.