ურთულეს ეპოქათა პატრიარქები — ვინ იყვნენ შიო I და შიო II?
შიო III, ახლად კურთხეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ეკლესიის ისტორიაში ამ სახელს მესამედ ატარებს. მასზე ადრე ორი პატრიარქი მოღვაწეობდა ამავე სახელით — ორივე ქვეყნისთვის ურთულეს ჟამს.
ვინ იყო შიო I
შიო I საპატრიარქო ტახტს 1356–1364 წლებში მართავდა — სულ რვა წელი. მის შესახებ ისტორიული ცნობები მწირია. ამ დროს საქართველოს მეფეები იყვნენ დავით IX (1346–1360) და ბაგრატ V (1360–1393). კათოლიკოს-პატრიარქთა ოფიციალურ სიაში ის დოროთეოზ I-ის შემდეგ და ნიკოლოზ IV-ის წინ გვხვდება.
1346 წელს ბაიბურთში გადაწერილ სომხურ სახარებაში ჩაწერილია: „გაუდაბურდა აღმოსავლეთი, ე.ი. ქართველთა ქვეყანა, სადაც ბევრი ამოწყდა, სხვები შიმშილისაგან დაიხოცა.” სომხურ ხელნაწერთა მკვლევარი ალექსანდრე აბდალაძე ამ ჩანაწერს შავი ჭირის ეპიდემიას უკავშირებს. ეს ვარაუდი სარწმუნოა: ქართული წყაროები ამ პერიოდში არც სამხედრო შემოჭრას, არც პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კრიზისს არ ადასტურებენ. სავარაუდოდ, ოქროს ურდოსა და ყირიმში მძვინვარე ჟამიანობა საქართველომდეც მოაღწია — ამის დამადასტურებელი ცნობა რუსულ მატიანეებშიც დაცულია. ჟამიანობა საქართველოში რამდენიმე წელი გაგრძელდა. 1357 წლის 13 ივლისს კი მზის სრული დაბნელება მოხდა, რომელიც ამ ეპოქის ისტორიულ ნიშნულად დარჩა.
ვინ იყო შიო II
შიო II კათოლიკოს-პატრიარქი იყო 1435–1438 და 1440–1447 წლებში. მისი წინამორბედი დავით III იყო, მემკვიდრე — დავით IV (ჭავჭავაძე).
შიო II მეფე ალექსანდრე I დიდის ერთგული თანამოაზრე გახლდათ. ის მონაწილეობდა თემურ ლენგის შემოსევებით გაპარტახებული ქვეყნის აღდგენაში. სვეტიცხოვლის მიწის მფლობელობის გაზრდის მიზნით, შიო II-მ სამეფო ხელისუფლებისგან შეწირულებად მიიღო მრავალი სოფელი და ციხე არმაზი მისი ეკლესიებით.