← მთავარი
სპორტი

[VIDEO] შენგელიას და რიდის 69 ქულა - საქართველოს ნაკრებმა გმირული თამაშით ესპანეთს 22 ქულა ამოუქაჩა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა

5 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
[VIDEO] შენგელიას და რიდის 69 ქულა - საქართველოს ნაკრებმა გმირული თამაშით ესპანეთს 22 ქულა ამოუქაჩა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი 91:89 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა მოედანზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, რიდი, სანაძე, შენგელია, ბითაძე. ესპანელთა უპირატესობა თავიდან თვალსაჩინო შეიქნა, მეტოქე ყველა კომპონენტში გვჯაბნიდა და პირველი მეოთხედი 32:14 მოიგო. უნდა აღინიშნოს, მსაჯებმა ორ ეპიზოდში აშკარად მათ სასარგებლოდ მიიღეს გადაწყვეტილება.

მეორე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა დაცვაში თამაში გამოასწორა, შეტევაშიც უკეთ მოქმედებდა, რიდის და შენგელიას ძალისხმევით ანგარიში შეამცირა და პირველი ტაიმი 38:52 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ მოკლე სათადარიგო სკამის პრობლემამ იჩინა თავი, რიდს დაღლა დაეტყო, ესპანეთმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ჩვენმა გუნდმა სხვაობის შემცირება შეძლო და ბოლო მეოთხედის წინ ტაბლოზე 57:71 დაფიქსირდა.

მეოთხე პერიოდში საქართველოს ნაკრებმა შესნგელიას და რიდის ბრწყინვალე თამაშის შედეგად ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა. მოწინააღმდეგე იძულებული გახდა წუთშესვენება აეღო, რის შემდეგაც რიდმა სამიანით ანგარიში გაათანაბრა, შენგელიამ წინ გაგვიყვანა. მოწინააღმდეგემ თანფარდობა აღადგინა, ბოლოს შენგელიამ ვერ ჩააგდო და ძირითადი დრო 83:83 დასრულდა.

ოვერტაიმში ესპანეთი 5 ქულით გაგვექცა, გმირმა შენგელიამ ისევ დაგვაწინაურა. სანაძემ მეხუთე პერსონალურის გამო დატოვა პარკეტი. მსაჯმა თორნიკეს შეტევისას ესპანელზე ჯარიმა “ვერ დაინახა”, 19 წამით ადრე რიდმა მაინც გაგვიყვანა წინ, ბოლოს მეტოქემ ვერ ჩააგდო და გავიმარჯვეთ.

37 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შენგელია იყო, რომლის ანგარიშზე 10 მოხსნაა, რიდმა 32 ქულა და 7 გადაცემა მიითვალა. ჯინჟარაძემ 6 ქულა ჩააგდო, სანაძემ 5, ბითაძემ და ტურძილაძემ 4-4, მერკვილაძემ 3, ოჩხიკიძემ კი - 1.

ესპანელთაგან 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ვილი ერნანგომესი იყო, 14 ქულა კარდენასმა ჩააგდო, ხოლო 13 სენტ-სუპერმა.

← მთავარი