ესპანური მედია: კრახი და კოლაფსი - არაამქვეყნიურმა და "ჭკუიდან გადასულმა" შენგელიამ რიდთან ერთად შეუძლებელი შეძლო
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ნაკრებთან ესპანეთის მარცხს (89:91), ესპანური მედია გამოეხმაურა, შენგელიას და რიდის შესანიშნავ თამაშს გაუსვა ხაზი, აგრეთვე გაგიკვირდებათ და მსაჯობა მიკერძოებულად მიიჩნია.
„მარკა“: ეს იყო კრახი და კოლაფსი. ესპანეთი თბილისში 34 წუთის მანძილზე იგებდა და საბოლოოდ დამატებით დროში მძიმე მარცხი განიცადა. მეოთხე მეოთხედში ჩვენი გუნდი დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, როდესაც გულმხურვალედ მოქომაგე გულშემატკივრებმა გამარჯვება ირწმუნეს. ზემოტივირებული შენგელიას და დიადი რიდის წინამძღოლობით მათ იფრინეს და გაიმარჯვეს“.
As: „ბოლო პერიოდში ესპანეთმა მეტოქის დაცვას ვერაფერი მოუხერხა და მარცხი განიცადა, რომლის „გადახარშვა“ ადვილი არ არის. არა იმიტომ, რომ შედეგს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, არამედ იმის გამო, რომ ჩვენი გუნდი 22 ქულით იყო დაწინაურებული. ეს ნაკრების სათავეში ჩუს მატეოს პირველი წაგებაა“.
კატალონიური „სპორტი“: „ქართველთა ვარსკვლავებმა შენგელიამ და რიდმა უძლეველ ესპანეთს სძლიეს. საქართველო 42:64-ს აგებდა, მაგრამ აღდგა და დამატებით დროში გამარჯვება მოიპოვა. მათ არაამქვეყნიური, უცხოპლანეტელი შენგელიას და ნატურალიზებული რიდის ძალისხმევით შეუძლებელი შეძლეს.
„ბარსელონას“ ფენომენალურმა კალათბურთელმა „თოკომ“ ბოლოს მხოლოდ 29 წამი დაისვენა და 37 ქულასთან ერთად 10 მოხსნა მიითვალა. რიდის ანგარიშზე 32 ქულაა. არ შეიძლება არ აღინიშნოს მასპინძელთა სასარგებლოდ ძალიან მიკერძოებული მსაჯობაც, რაც მესამე მეოთხედში დაიწყო, როდესაც ქართველების ბევრი ფოლი არბიტრების მხრიდან შეუმჩნეველი დარჩა. ოვერტაიმში ესპანეთს ნერვიულობა და ქაოსი დაეტყო, შენგელია „ჭკუიდან შეიშალა“ და წავაგეთ“.