ძლიერმა შტორმმა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ზღვის ქაფის უზარმაზარი საფარი წარმოქმნა
27 სექტემბერს აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე დატეხილმა ძლიერმა შტორმმა (ნორ’ისტერმა) მეინისა და მასაჩუსეტსის შტატების სანაპირო ზოლში ზღვის ქაფის უზარმაზარი საფარი წარმოქმნა.
ძლიერი ქარისა და მაღალი ტალღების შედეგად, ქაფის სქელმა ფენამ მეინის შტატის ქალაქ ოგანქვიტის ნავსადგური დაფარა, ხოლო მასაჩუსეტსის შტატში, ქალაქ სტიტუეტში, მარილიან წყალთან ერთად საავტომობილო გზებზე გადმოვიდა და ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა.
მეტეოროლოგების განმარტებით, ზღვის ქაფი საპონი არ არის. იგი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ძლიერი ტალღები წყალში არსებულ ორგანულ ნივთიერებებს — წყალმცენარეებისა და საზღვაო ორგანიზმებისგან გამოყოფილ ცილებსა და ცხიმებს — ჰაერს ურევს. ძლიერი ქარი და მაღალი მოქცევა ქმნის იდეალურ პირობებს, რის შედეგადაც წარმოქმნილი ბუშტუკების მასა სანაპიროსკენ მიერეკება, ყურეებში გროვდება და გზებზე ვრცელდება.
ზღვის ქაფის უმეტესი ნაწილი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელია, თუმცა სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ქაფის სქელმა ფენამ შესაძლოა დაფაროს წყალდიდობის შედეგად წარმოქმნილი ღრმა ორმოები, დაზიანებული გზის საფარი, მჭრელი საგნები ან ჩამოწყვეტილი ელექტროგადამცემი სადენები. სპეციალისტების რჩევით, მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ ქაფით დაფარულ გზებსა და წყალში გადაადგილებისგან.