შალვა პაპუაშვილი, ვიზიტით სერბეთში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ კონფერენციაში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაში, რომელიც სერბეთისა და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეების ინიციატივით იმართება.
კონფერენციის მიზანია პარლამენტის თავმჯდომარეთა რეგულარული და ქმედითი ფორმატის ჩამოყალიბება, რომელიც კანდიდატ ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგის გაღრმავებას, ინფორმაციის გაცვლას, პოზიციების კოორდინაციასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ურთიერთმხარდაჭერას ითვალისწინებს.
კონფერენციის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და სამუშაო სესიებში მიიღებს მონაწილეობას, — წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.