← მთავარი
პოლიტიკა

ვისაც სურს საქართველოს მონახულება, თუკი პრობლემა არ აქვს კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია მოინახულოს — შალვა პაპუაშვილი მიხაილ შვიდკოის ვიზიტზე

16 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
ვისაც სურს საქართველოს მონახულება, თუკი პრობლემა არ აქვს კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია მოინახულოს — შალვა პაპუაშვილი მიხაილ შვიდკოის ვიზიტზე

“ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ვისაც სურს საქართველოს მონახულება, თუკი პრობლემა არ აქვს ქართულ კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია მოინახულოს საქართველო”, — ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ მაშინ აღდგება, როდესაც რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს და რუსეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რა მიზნით იმყოფებოდა პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ შვიდკოი 14 და 15 ივნისს თბილისში? “არ ვიცი, ვინ სად იმყოფებოდა. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და ვისაც სურს საქართველოს მონახულება, თუკი პრობლემა არ აქვს ქართულ კანონმდებლობასთან, ყველას შეუძლია მოინახულოს საქართველო.რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას — ჩვენი პოზიცია ძალიან ცხადია. ყველა ურთიერთობა იქნება, მათ შორის, კულტურული, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, როდესაც მოხდება საქართველოს დეოკუპაცია. ეს არის ერთადერთი წინაღობა, რომელიც დგას ქართულ-რუსულ ურთიერთობების აღდგენაში. საქართველოს დეოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარება — როგორც კი ეს ნაბიჯი გადაიდგმება, რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს, აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რა თქმა უნდა, საქართველო-რუსეთ შორის ურთიერთობის ყველა წინაღობა მოიხსნება. თუკი ვინმეს სურს კულტურულ-საგანმანათლებლო თუ სხვა ურთიერთობის აღდგენა, იციან, სად არის პრობლემის სათავე. როგორც კი პრობლემის სათავე აღმოიფხვრება, ყველა თანმდევი შედეგიც გამოსწორდება,” — განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, მიხაილ შვიდკოი 14 და 15 ივნისს თბილისში იმყოფებოდა. ამის შეახებ რუსული მედია წერს. TASS-ს რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, მიხაილ შვიდკოიმ განუცხადა, რომ კულტურის სფეროს შეუძლია აღადგინოს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ნდობის ატმოსფერო.

← მთავარი