ირაკლი შაიშმელაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
შსს-ს „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის” ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა. ეს პირველი ასეთი შემთხვევაა 2025 წლის ოქტომბრის საქმეში ბრალდებულ პოლიტიკოსთა და სხვა ბრალდებულთა შორის.
ინფორმაცია „სამართლიანობისთვის” პარტიის ლიდერმა, იურისტმა ეკა ბესელიამ გაავრცელა „პირველების” ეთერში: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, რადგანაც ეს პირველი ფაქტია ამ პოლიტიკური დაპატიმრებებიდან, ვინც ეს სტატუსი მიიღო — სწორედ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დევნის საფუძველზე.”
შაიშმელაშვილი 2026 წლის 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, 2 წლის პატიმრობით დასაჯა — დაუსწრებლად, რადგან ის ამ დროს უკვე აშშ-ში იმყოფებოდა. ბრალდება ეხებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლს — „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლისაკენ მოწოდება.”
ბესელიას თქმით, „სამართლიანობისთვის”-ის იურიდიული ჯგუფი შაიშმელაშვილის საქმეზე ქართულ სასამართლოშიც მუშაობდა და მის უცხოელ ადვოკატებთანაც ჰქონდა კავშირი.