აშშ-მა ირაკლი შაიშმელაშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს, ირაკლი შაიშმელაშვილს, პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა. ეს ინფორმაცია „ტვ პირველის” ეთერში „მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა, იურისტმა ეკა ბესელიამ გაავრცელა.
ბესელიამ განაცხადა, რომ შაიშმელაშვილისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭება ოფიციალური დადასტურებაა იმისა, რომ ყოფილ ძალოვანზე, რომელმაც სისტემა ამხილა, საქართველოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა.
„როდესაც ირაკლი შაიშმელაშვილს ორი წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯი — ადამიანს, რომელმაც გამბედაობა გამოიჩინა და უკანონო დავალება არ შეასრულა, ამხილა რეპრესიული სისტემა და წავიდა — ამის შემდეგ მას სისხლის სამართლის საქმე დააწიეს. შემიძლია გითხრათ, რომ მან ამერიკის სახელმწიფოსგან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ეს პირველი ფაქტია ამ პოლიტიკური დაპატიმრებებიდან, ვინც სწორედ იმის გამო მიიღო ეს სტატუსი, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა მიმდინარეობდა,” — განაცხადა ბესელიამ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ფაქტი არ დადასტურებულა. მისივე თქმით, „სხვას თუ უნდა, რომ ვინმე კრიმინალი თავისთან ჰყავდეს, ეს იმ ქვეყნის არჩევანია.”
„ჩვენ ვეძებთ ჩვენს კრიმინალებს. სხვას თუ უნდა, რომ ვინმე კრიმინალი თავისთან ჰყავდეს — ეს იმ ქვეყნის არჩევანია. უკრაინაში ხელისუფლებაში ჰყავთ ქართველი კრიმინალები — ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. მოთმინებით ველოდით მიხეილ სააკაშვილს და ხედავთ, ახლა ის სასჯელს იხდის,” — განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, შაიშმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო 2024 წლის 3 დეკემბერს, პროევროპული აქციების ძალისმიერი დარბევის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვა. ქვეყნიდან გამგზავრების შემდეგ პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 2026 წლის 7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ შაიშმელაშვილს დაუსწრებლად ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა — საქმე 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებს ეხება.