„ერთად, ძალადობისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ” — თბილისში შაბათის მარში გაიმართა
6 ივნისს თბილისში მარში „ერთად, ძალადობისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ” გაიმართა. მსვლელობა პოლიციის მხრიდან წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ეხმაურებოდა — ერთი მხრივ, ამ ფაქტების გამოძიებაზე ითხოვდა პასუხს, მეორე მხრივ — გამოუძიებელ საქმეებზე საზოგადოების ყურადღებას მიაქცევდა.
მარშში საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა.
„ჩვენ გვინდა საქართველო, სადაც ადამიანის ღირსება დაცულია. ეს პროტესტი ყველა ქუჩაზე, ყველა უბანში, ყველა ქალაქში გაგრძელდება — ვიდრე საქართველო არ გაიმარჯვებს და რეჟიმი არ ჩამოიშლება. ძირს რუსული რეჟიმი! დიდება საქართველოს!” — აცხადებდნენ მარშის მონაწილეები.
შაბათობით მარშების ტრადიცია BBC-ის საგამოძიებო ფილმის გასაჟღერებლად ჩამოყალიბდა: მოქალაქეები ითხოვდნენ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას, რომელიც დაადგენდა, გამოიყენა თუ არა „ქართულმა ოცნებამ” ქიმიური იარაღი ათიათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ.
მომდევნო თვეებში მარშების თემატიკა მრავალფეროვანი გახდა — ყველაზე ხშირად ისინი პოლიტიკური პატიმრებად მიჩნეული ასზე მეტი ადამიანის მხარდასაჭერად ტარდება.
უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა 2024 წლის 28 ნოემბრიდან გრძელდება, როდესაც „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლის ბოლომდე გადაავადა.