"სეტყვის სიხშირე და ზომა გაიზრდება, მოგვიწევს თადარიგის დაჭერა..." - ექსპერტი
კლიმატური ცვლილებების ფონზე, სეტყვის სიხშირე და ზომა გაიზრდება, ადამიანებს მოუწევთ, რომ დაიჭირონ თადარიგი, - ამის შესახებ რადიო “პალიტრას“ გადაცემაში “თქვენი დრო“ გარემოს დაცვის შეფასების ექსპერტმა, მამუკა გვილავამ განაცხადა. მისი შეფასებით, თბილისა და კახეთში მოსული ძლიერი სეტყვა შესაძლოა, გამოწვეული იყოს კლიმატური ცვლილებებით, რის გამოც, ტემპერატურამ ტროპიკული ადგილებიდან ჩრდილოეთით გადმოიწია. “სეტყვის უჩვეულო ზომა, ვფიქრობ, რომ კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული. კლიმატის ცვლილებების ერთ-ერთი ინდიკატორი სწორედ ის არის, რომ შესაძლოა, გაიზარდოს სეტყვის სიხშირე და მოცულობა. მაგალითად, კახეთში სულ მოდის სეტყვა, მაგრამ ამაში უჩვეულო იყო ზომა, მე პირადად, არ მახსენდება ამ ზომის სეტყვა. შეტყობინებები იყო ხოლმე, რომ მსგავსი შემთხვევები ხდებოდა ტროპიკულ არეალებში. მარტივი ახსნა შესაძლოა, იყოს ის, რომ ტემპერატურა ტროპიკული არეალებიდან იწევს ჩრდილოეთისკენ, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ სეტყვის ზომაც იზრდება. სტატიებიც არის რეფერირებულ ჟურნალებში, რომ სეტყვის სიხშირე და ზომა გაიზრდება. ადამიანებს მოუწევთ, რომ დაიჭირონ თადარიგი, მაგალითად ავტომობილების დაცვას რაიმე განსაკუთრებულიც არ სჭირდება, რაიმეს გადაფარებაც საკმარისია“, - ამბობს მამუკა გვილავა. გააგრძელეთ კითხვა