„ჩემი ქალიშვილი სისხლში ცურავდა” — სენაკში მეზობელმა ქალი სანადირო თოფით მოკლა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში, ღამით, 47 წლის მერაბ ჭიჭავამ მეზობელი ქალი, თეა ხარგელია, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა. „ტელეკომპანია პირველის” ცნობით, ჭიჭავა მსხვერპლის ვაჟის ნათლია იყო. მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
„9-10 საათი იქნებოდა, ვუთხარი შვილს, რომ დასაწოლად წასულიყო. მალევე გავიგე თოფის ხმა. გარეთ გამოვედი — ქვემოთ ჩემი ქალიშვილი ეგდო, სისხლში ცურავდა. ჭიშკრის კარი ღია იყო და ვიღაც კაცი გარბოდა. შემდეგ გავიგე — ეს ჩემი შვილიშვილის ნათლია, მერაბ ჭიჭავა, იყო. ვითხოვთ მკვლელის მკაცრად დასჯას,” — განაცხადა მოკლულის მამამ.
მეზობლების ცნობით, მოკლული სამი შვილის დედა იყო. ბრალდებულის დედა კი აცხადებს, რომ ვაჟის ქმედებამ სრულიად გაოგნა: „თავად ჩაბარდა, სხვა არაფერი ვიცი.”
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ბრალდებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ცხელ კვალზე დააკავა. სახლიდან სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით — განზრახ მკვლელობა, 15 წლამდე სასჯელი — მიმდინარეობს.