← მთავარი
მსოფლიო

7 ტყვია, მათ შორის საკონტროლო გასროლა - პოლონეთში პუტინის მოწინააღმდეგე, რუსი კარიკატურისტი მოკლეს

16 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
7 ტყვია, მათ შორის საკონტროლო გასროლა - პოლონეთში პუტინის მოწინააღმდეგე, რუსი კარიკატურისტი მოკლეს

15 ივნისს, პოლონეთის ქალაქ ბიალა-პოდლიასკაში, ბელარუსის საზღვართან ახლოს რუსეთის 44 წლის მოქალაქე მოკლეს, რაც პოლონეთის პოლიციამაც დაადასტურა. მანამდე პოლონურმა და ბელარუსულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ლაპარაკი იყო მხატვარსა და პროტესტანტ სემიონ სკრეპეცკიზე, რომელიც მრავალი რუსი (მათ შორის ოპოზიციონერი) პოლიტიკოსის კარიკატურის ავტორია. მოგვიანებით გამართულ ბრიფინგზე, ლუბლინის ოლქის პროკურატურის პრესმდივანმა მარჩინ კოზაკმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს რუსეთის 44 წლის მოქალაქის, რობერტ კ.-ს (სემიონ სკრეპეცკის ნამდვილი სახელი - რობერტ კუზოვკოვი) მკვლელობის გამოძიება, რომელიც მედიაში ცნობილია როგორც სიმონ სკრეპეცკი.

სემიონ სკრეპეცკიმ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ბერლინში, რუსეთის ფედერაციის საელჩოსთან აქცია გამართა

“ის იყო მხატვარი, რომელშიც გამოხატავდა კრიტიკას რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ამჟამინდელი ქმედებებისა და ნაბიჯების მიმართ“, - დასძინა მარჩინ კოზაკმა.

ასევე, პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მკვლელობასთან დაკავშირებით ბელარუსის ორი მოქალაქეა დაკავებული.

მედიამ ჯერ კიდევ ორშაბათს, დღისით გაავრცელა ინფორმაცია სემიონ სკრეპეცკის მკვლელობის შესახებ. გამოცემა Astra-მ, მხატვრის მეგობარზე დაყრდნობით, ორშაბათს საღამოს დაწერა, რომ მხატვარმა რუსეთი 2021 წელს, სამშობლოში დევნის შიშით დატოვა და ოჯახთან ერთად ქალაქ ბიალა-პოდლიასკაში ცხოვრობდა. ამ ქალაქში მდებარეობს ლტოლვილთა ბანაკი, რომელსაც გადის ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც ბელარუსსა და რუსეთს პოლიტიკური მოტივით დევნის შიშით ტოვებს. რუსეთიდან წასვლის შემდეგ, პირველ ხანებში, სკრეპეცკი სწორედ ამ ბანაკის ბინადარი იყო.

რა არის ცნობილი თავდამსხმელების შესახებ?

პროკურატურის მონაცემებით, მკვლელობა 15 ივნისს, დაახლოებით დილის 09:45–09:50 საათზე, იმ სახლის ავტოსადგომთან მოხდა, სადაც გარდაცვლილი ცხოვრობდა. დანაშაულის ადგილი პოლონეთისა და ბელარუსის საზღვრიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. 44 წლის მამაკაცთან მივიდა უცნობი პირი და პისტოლეტიდან ორჯერ ესროლა. მას შემდეგ, რაც დაზარალებული მიწაზე დაეცა, დამნაშავე მიუახლოვდა, კიდევ სამი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან სწრაფად მიიმალა. რობერტ კ. ადგილზე გარდაიცვალა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. მოკლულის ცხედრის დათვალიერებისას გამომძიებლებმა თავის, გულმკერდისა და ზურგის არეში შვიდი ნატყვიარი აღმოაჩინეს. ტელეკომპანია wPolsce24-ის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულმა ექიმებმა დაჭრილის გადარჩენა ვერ შეძლეს. “დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილია მრავალი კვალი, მათ შორის ხუთი მასრა და 9 მმ-იანი LUGER GEC პისტოლეტის ერთი ტყვია“, - განაცხადა პროკურატურამ.

მკვლელობის შემდეგ პოლიციამ ქუჩები და ქალაქიდან გასასვლელები გადაკეტა, ასევე დაცვის ქვეშ აიყვანა სკოლები და საბავშვო ბაღები, სადაც შესაძლოა მოკლულის შვილები ყოფილიყვნენ. სამშაბათს პოლონეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ დანაშაულთან დაკავშირებით, ბიალა-პოდლიასკაში ბელარუსის საკონსულოსთან, დაკავებულია ბელარუსის ორი მოქალაქე - 33 და 37 წლის. “ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია ორი პირი, თუმცა ბრალი ჯერ არცერთ მათგანს არ წარდგენია. მათი მონაწილეობა ამ საქმეში საგულდაგულო შემოწმების პროცესშია“, - განაცხადა მარჩინ კოზაკმა. პოლონური მედია ავითარებს ვერსიას, რომ მკვლელობა შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო სკრეპეცკის პოლიტიკურ შეხედულებებთან, რომელიც მრავალი რუსი პოლიტიკოსის კარიკატურების ავტორია.

მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთის დღეს (12 ივნისს), სემიონ სკრეპეცკიმ ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან პერფორმანსი მოაწყო. ხელნაკეთი “მედლებითა“ და “ორდენებით“ გაფორმებულ კოსტიუმში, მეზღვაურის მაისურში გამოწყობილმა, მან შეცვლილი ტექსტით შეასრულა სიმღერა “მზიანი წრე“ (“Солнечный круг”). ამის შემდეგ მან გაიარა რუსეთის ფედერაციის საელჩოში საზეიმო მიღებაზე მდგარი რიგის გასწვრივ და რუსეთის დროშით ქუჩას გვიდა. ამავდროულად, ხელში ეჭირა საკუთარი ნახატი, რომელზეც გამოსახული იყო სტალინი “ჩვილი“ პუტინით ხელში. 15 ივნისის დილას, მკვლელობამდე ერთი საათით ადრე, მხატვარმა თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ბერლინის აქციის შემდეგ მას “რუსი პატრიოტებისგან“ შეურაცხყოფისა და მუქარის ტალღა დაატყდა თავს. “დროშით ჩატარებული ფოკუსი რუს პატრიოტებს ძალიან მოეწონათ. სხვადასხვა ‘ბეკები’ მპირდებიან, რომ კადიროვი პირადად, პუტინის ბრძანებით, გამაუპატიურებს ‘ცისფერ შამფურში’ (Голубой Шампур)“, - დაწერა მან. ამასთან ერთად, სკრეპეცკიმ გამოაქვეყნა მისი მისამართით გაგზავნილი შეურაცხყოფებისა და მუქარების სკრინშოტები.

სემიონ სკრეპეცკი არის სატირული ანტიუტოპიის, “რუსეთი-2028“-ის ავტორი, რომელიც 2021 წელს გამოიცა. წიგნი ეძღვნება პოსტაპოკალიფსურ რუსეთში “წესიერი სკრეპეცი-მიწის მთხრელის“ ცხოვრებასა და თავგადასავლებს, სადაც თანამედროვე რუსული რეალობა აბსურდამდეა მიყვანილი. სკრეპეცკი ცნობილია თავისი კარიკატურებით პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილზე, ჩეჩნეთის ხელმძღვანელ რამზან კადიროვსა და მის ვაჟ ადამზე, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოზე და ა.შ. მხატვარს ასევე მიჰყავდა სატირული ვიდეობლოგი YouTube-ზე და წერდა სიმღერებს trap სტილში, ფსევდონიმით MC Screp.

← მთავარი