სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026-ის დასკვნითი თამაშები გაიხსნა
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026-ის დასკვნითი თამაშები გაიხსნა19 ივნისს, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026-ის დასკვნითი თამაშები გაიხსნა. დასკვნითი თამაშების ღონისძიებაზე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშებში გამარჯვებული სკოლების გუნდები წარსდგნენ, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დროშა აღმართეს და ოლიმპიური ფიციც დადეს. გახსნის ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. „სიხარულია და სხვა არაფერი, როცა ხედავ ამდენ ახალგაზრდას, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულები და იმ მომავალს, იმ იმედს, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვიხარია ის შინაარსი, რომელიც ამ ღონისძიებაში დევს. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალზე ზრუნვა. მინდა ახალგაზრდებს მოგმართოთ და გთხოვოთ: ის რასაც აქ ნახავთ და იგრძნობთ, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, გახდით სპორტის ელჩები. გისურვებთ წარმატებებს!,“ - განაცხადა განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი აბულაძემ. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მნიშვნელობასა და მასშტაბურობაზე საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა და დასკვნითი თამაშების გახსნა საზეიმოდ გამოაცხადა: „დასკვნითი თამაშები - ეს არის დასკვნითი ეტაპი იმ ხანგრძლივი პროცესისა, რასაც სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჰქვია. წელს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის თამაშებში ათას რვაას სკოლაზე მეტი იყო ჩართული და ასი ათასზე მეტი თქვენი თანატოლი იღებდა მონაწილეობას. თქვენ ხართ რჩეულთა შორის რჩეულნი, რომლებიც თქვენი სკოლის, თქვენი ქალაქის, თქვენი რეგიონის სახელს იცავთ. მაშ ასე, მეგობრებო, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასკვნითი თამაშების დროშა აღმართულია, ფიცი დადებულია და საზეიმოდ მინდა გაცნობოთ, რომ სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასკვნითი თამაშები გაიხსნა,“ - მიმართა ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა კონსტანტინე ამირაჯიბმა დასკვნით თამაშებში მონაწილე მოსწავლე-სპორტსმენებს. ხვალიდან 26 ივნისის ჩათვლით აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს თამაშებზე გამარჯვებული სკოლების გუნდები ერთმანეთს სპორტის რვა სახეობაში დაუპირისპირდებიან. მოსწავლე სპორტსმენებს გონიოში სასტუმრო „სან პალასი“ მასპინძლობს, ხოლო თამაშები ბათუმში, სპორტის სასახლეში ჩატარდება. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასკვნითი თამაშები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტისა და დეველოპერული კომპანია “მეტროპოლის” მხარდაჭერით ხორციელდება.