განათლების სამინისტრომ სასკოლო ფორმების შესაძენად 45.6 მილიონიანი კონტრაქტი ჩინურ კომპანიასთან გააფორმა - ტანსაცმელი ძირითადად პოლიესტერისგან შეიკერება
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განათლების სამინისტრომ ჩინურ კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასტრისთან“ 45.6 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტის ფარგლებში, სახელმწიფო პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის, ჯამში, 1.8 მილიონ ერთეულ სასკოლო ფორმას შეიძენს. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკების გზით გაფორმდა. კომპანიამ საქართველოში შპს სულ ახლახან, 2026 წლის მარტში დააფუძნა. თავად ფორმებს უშუალოდ ჩინური კომპანია — Jiangsu SUMEC ETON KIDD Brand Management Co შეკერავს, რომლის ფაბრიკაც ჯიანგსუს პროვინციაში მდებარეობს და სწორედ სასკოლო ფორმების წარმოებაზეა ორიენტირებული. ტექნიკური აღწერის მიხედვით, ბავშვების სასკოლო ფორმები ძირითადად სინთეტიკური მატერიისგან შეიკერება, სადაც ყველაზე დიდი წილი — 70%-ზე მეტი — პოლიესტერზე მოდის. ქსოვილის ზუსტი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
პოლიესტერი — 72%
ვისკოზა — 25%
ელასტინი — 3%
ფორმა გათვლილია 40 გრადუს ტემპერატურაზე რეცხვისთვის.
რას მოიცავს სასკოლო ფორმების კომპლექტი და რა ღირს?
ბიჭის კომპლექტი (74.73 ლარი): 1 პიჯაკი და 2 შარვალი.
გოგოს კომპლექტი (76.02 ლარი): 1 პიჯაკი, 1 შარვალი და 1 კაბა.
ცალკეული ნივთების ფასები:
ტანსაცმლის ტიპი ფასი (ლარი)
გოგოს პიჯაკი 39.61 ₾
ბიჭის პიჯაკი 35.43 ₾
გოგოს კაბა 16.76 ₾
გოგოს შარვალი 19.65 ₾
ბიჭის შარვალი 19.65 ₾
მიწოდების ვადები სასკოლო ფორმების მოწოდება სამ ეტაპად განხორციელდება:
I ეტაპი: 301 000 ცალი — 2026 წლის 25 აგვისტომდე;
II ეტაპი: 600 000 ცალი — 2026 წლის 15 ოქტომბრამდე;
III ეტაპი: 900 000 ცალი — 2026 წლის 30 ნოემბრამდე.