← მთავარი
მსოფლიო

Reuters: საწვავის დეფიციტის გამო რუსეთი ინდოეთისგან ყიდულობს ბენზინს

1 ივლისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
Reuters: საწვავის დეფიციტის გამო რუსეთი ინდოეთისგან ყიდულობს ბენზინს

საწვავის დეფიციტის გამო რუსეთმა ინდოეთიდან ზღვით ბენზინის იმპორტი დაიწყო, იტყობინება Reuters-ი ამ დარგში გათვითცნობიერებულ ორ წყაროზე დაყრდნობით.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ინდოეთიდან უკვე გადაზიდულია მინიმუმ 60 000 მეტრიკული ტონა ბენზინი. სხვა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ რუსეთისკენ გაემგზავრა ორი ტანკერი, თითოეული 30 000-დან 40 000 ტონამდე ბენზინით.

მთლიანობაში რუსეთი გეგმავს ყოველთვიურად 400 000 ტონა ბენზინის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ბელარუსიდან, რომელიც უკვე ამარაგებს რუსეთს საწვავით, უთხრა ჟურნალისტებს კიდევ ერთმა წყარომ.

ამასთან, ინდოეთი თავად არის რუსული ნავთობის მთავარი მყიდველი. ივნისში იმპორტმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, დაახლოებით 2,7 მილიონ ბარელს დღეში, რაც ინდოეთის ნავთობის მთლიანი იმპორტის ნახევარზე მეტს შეადგენს.

კვირას რუსთის პრეზიდენატმა ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმებმა ზოგიერთ რეგიონში საწვავის დეფიციტი გამოიწვია და თქვა, რომ რუსეთი ამ პრობლემის მოსაგვარებლად ზომებს იღებს.

გუშინ კრემლმა დაადასტურა, რომ რუსეთს სხვა ქვეყნებთან კონტაქტი აქვს და საწვავის იმპორტის საკითხს განიხილავს. ადრე Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ყაზახეთს დაახლოებით 50 000 ტონა AI-92 ბენზინის მიწოდება სთხოვა.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ყირგიზეთი, რომელსაც საწვავის 90%-ზე მეტი რუსეთიდან შეაქვს, საწვავისა და საპოხი მასალების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ყაზახეთთან, ბელარუსთან, აზერბაიჯანთან და სხვა ქვეყნებთან.

ასევე ნახეთ

პუტინმა უკრაინის დარტყმებით შექმნილი პრობლემები და საწვავის დეფიციტი აღიარა

← მთავარი