Reuters: უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ რუსეთის სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რუსეთის ქალაქ სარატოვში მდებარე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ნავთობის გადამუშავება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით Reuters იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ქარხანამ მუშაობა ოთხშაბათს, თავდასხმის შედეგად მიყენებული დაზიანების შემდეგ შეაჩერა. წყაროების ინფორმაციით, დრონებმა დააზიანეს ქარხნის ძირითადი გადამამუშავებელი დანადგარი CDU-6, რომლის წარმადობა დღეში 20 000 ტონას შეადგენს. Reuters-ის თანახმად, ეს საწარმოს ერთადერთი პირველადი გადამამუშავებელი დანადგარია.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა, რომან ბუსარგინმა, ტელეგრამზე დაწერა, რომ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
“დაზიანებულია სამოქალაქო სამრეწველო ობიექტები,” — განაცხადა ბუსარგინმა. და დაზიანებული ობიექტების დასახელებისგან მან თავი შეიკავა. ამასთან, უკრაინის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ მათი სამიზნე სწორედ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.
Reuters აღნიშნავს, რომ ქარხნის საწვავი ოთხშაბათის შემდეგ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე აღარ გამოჩენილა. სააგენტოს ინფორმაციით, საწარმომ მუშაობა მიმდინარე წლის მარტსა და მაისშიც დროებით შეაჩერა, ასევე დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ.
ეს ბოლო დღეებში რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული კიდევ ერთი იერიშია. რამდენიმე დღით ადრე უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად მუშაობა შეაჩერა ომსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამაც, რომელიც რუსეთის ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა.
Reuters-ის ცნობით, უკრაინამ ბოლო თვეებში გააძლიერა შეტევები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რათა, როგორც თავად აცხადებს, მოსკოვის სამხედრო შესაძლებლობები შეასუსტოს. სააგენტო წერს, რომ ამ თავდასხმებმა რუსეთში საწვავის დეფიციტი, ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები, საწვავის გაძვირება და ექსპორტის შეზღუდვა გამოიწვია.
2024 წელს სარატოვის ქარხანამ 5.8 მილიონი ტონა ნავთობი გადაამუშავა, რაც რუსეთის მთლიანი გადამუშავების დაახლოებით 2.2%-ს შეადგენს. საწარმომ გადაამუშავა 1.2 მილიონი ტონა ბენზინი, 1.9 მილიონი ტონა დიზელის საწვავი და 1 მილიონი ტონა მაზუთი.