[განახლებული. VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] საფრანგეთი 3:0 შვედეთი. დეშამის ფერიცვალება და ახალი ფრანგული "კანკანი" | Lelo.Ge
მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი
საფრანგეთი 3:0 შვედეთი
01.07. ნიუ იორკი. “მეტლაიფ სთედიუმი”. 80 663 მაყურებელი
გოლები: 1:0 მბაპე (45. დემბელეს პასით), 2:0 ბარკოლა (53. ოლისეს პასით), 3:0 მბაპე (74. ოლისეს პასით)
საფრანგეთი (4-2-3-1): მენიანი 7.4* - კუნდე 7.8 (75. გუსტო 6.5), უპამეკანო 6.6, უ. სალიბა 7.1, დინიე 7.1 (78. თ. ერნანდესი 6.6) - ჩუამენი 7.4, რაბიო 7.3 - დემბელე 7.7 (75. დ. დუე 6.9), ოლისე 9.1 (85. შერკი), ბარკოლა 8.2 - მბაპე 9.4 (85. მატეტა)
მწვრთნელი: დიდი დეშამი
შვედეთი (4-4-2): ზეტერსტრიომი 7.7 - სვენსონი 5.9 (82. სვანბერგი), ლაგერბილკე 6.3, ლინდელიოფი 6.4, გუდმუნდსონი 5.9 - ელანგა 6.6, ბერგვალი 6.3 (66. ზენელი 6.3), აიარი 5.7 (82. ნიგრენი), სტროუდი 6.3 (66. ალი 6.4) - დიოკერეში 6.0, ისაკი 5.9 (89. ნილსონი)
მწვრთნელი: გრემ პოტერი
მატჩის საუკეთესო მოთამაშე: კილიან მბაპე (საფრანგეთი)
არბიტრი: დ. მაკელი (ნიდერლანდები)
-
- შეფასებები Flashscore-ის მიხედვით
თვალი შევავლეთ ფრანგულ მედიას - წერენ, რა ცუდია, რომ დიდიე დეშამის ბოლო მუნდიალია, დიდიე გარდაიქმნა, ასეთი შემტევი საფრანგეთი მის ხელში არასოდეს გვინახავსო.
არადა, გახსოვთ წინა წლებში როგორი განწყობა იყო? რანაირად ახერხებს დეშამი, ამდენი ვარსკვლავის ხელში ასეთი უსახური გუნდი ჰყავდეს და ასეთ არაფრისმთქმელ ფეხბურთს თამაშობდესო?!.
საფრანგეთის მოგებაში ეჭვი ცოტას თუ ეპარებოდა, მაგრამ მოგებაცაა და მოგებაც - დიდი ხანია, არ გვინახავს ერთი კონკრეტული ნაკრებისა თუ გუნდის მიერ ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ნაჩვენები ასეთი თამაში. ერთხელაც დამტკიცდა, რომ როცა ფეხბურთს ასეთ დონეზე თამაშობენ, ეს ნამდვილი, უნატიფესი ხელოვნებაა!
დუბლი მიითვალა კილიან მბაპემ, რომელმაც ნამდვილი მონსტრივით ითამაშა. ერთი ბურთიც ბრედლი ბარკოლამ შეაგდო - ფეხბურთელმა, ვინც ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელია “პარი სენ-ჟერმენში” და კიდევ ერთხელ გაჩნდა შეგრძნება - როგორ აკლია “კვარა” მუნდიალს!
მბაპეს დუბლი გასაგებია, მაგრამ თამაშს კიდევ ერთი გმირი ჰყავდა - მაიკლ ოლისე. მხოლოდ ორი ულამაზესი “ასისტი” როგორ დაიტევს იმ დაუვიწყარ სიამოვნებას, რომელიც “ბაიერნის” უნივერსალის თამაშმა მოგვანიჭა! ოლისე უბრალოდ ცეკვავდა მინდორზე, ცეკვავდა “ათიანის” დავიწყებულ ალაგას.
ოლისეს ასეთი თამაში მნიშვნელოვანი იმადაცაა, რომ იმედი მოგვეცა - იქნებ, დავიწყებული, მტვერმიყრილი “ათიანების” ეპოქა დაბრუნდეს. სწორედ ასეთმა დიდმა ფეხბურთელებმა უნდა დაუბრუნონ ფეხბურთს ოდინდელი სილამაზე.
საფრანგეთის ნაკრები კი მუნდიალის დაწყების წინ მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად შევრაცხეთ. ჯერ ისეთი პირი უჩანს საქმეს, რომ არ შევმცდარვართ. მერვედფინადში “ლე ბლეს” ელოდება პარაგვაი. ფავორიტს, აბა, რა დიდი გამოცნობა სჭირდება?!
ფაქტები
კილიან მბაპემ მე-18 მატჩი ჩაატარა მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე და 18 გოლი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ მუნდიალების საუკეთესო ბომბარდირს, ლიონელ მესის ჩამორჩება (19 გოლი).
კილიამ მბაპემ მუნდიალებზე ჩატარებული მე-18 მატჩით გაუსწრო ფაბიენ ბარტეზს და ტიერი ანრის (17-17), გაუთანაბრდა რაფაელ ვარანსა და ოლივიე ჟირუს (18-18), ჩამორჩება ანტუან გრიზმანსა (19) და უგო ლორისს (20).
საფრანგეთის ნაკრებისთვის საპლეიოფო სტადიაზე ევროპული ნაკრებები მოსახერხებელ მეტოქეებს წარმოადგენენ. შვედეთამდე, “სამფეროვნებმა” 2018 წელს ხორვატია და ბელგია ჩამოიშორეს გზიდან, 2022 წელს კი - პოლონეთი და ინგლისი.
საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე 149 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ფრანგები ჩამორჩებიან ბრაზილიის ნაკრებს (246 გოლი), გერმანიას (243) და არგენტინას (160). ხუთეულს ამთავრებს იტალიის ნაკრები (128 გოლი).
კილიან მბაპემ მსოფლიოს ჩემპიონატების პლეი-ოფებში 10 გოლი გაიტანა - საუკეთესო შედეგია.