აშშ-ის სენატორები და ადმინისტრაცია შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის განვითარებაზე
აშშ-ის სენატორების ორპარტიული ჯგუფი აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მიღწეულია შეთანხმება დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული კანონპროექტის განვითარებაზე - ეს კანონპროექტი ითვალისწინებს კიდევ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც განაგრძობენ მოსკოვის ომის ეკონომიკის მხარდაჭერას.
ამ გარღვევის შესახებ 10 ივლისს გამოაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა, კიევში ვიზიტისას - სადაც იგი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად ჩავიდა. სენატორის თქმით, ეს კანონპროექტი ტრამპს ახალ და მნიშვნელოვან ბერკეტს მისცემს ზეწოლის განსახორციელებლად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი ცდილობს მიაღწიოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასრულებას.
გრემის თქმით, თეთრ სახლთან მიღწეული შეთანხმება კანონპროექტს გზას უხსნის წინსვლისკენ. სენატორი ამბობს, რომ კანონპროექტი აშშ-ს საშუალებას მისცემს დასაჯოს ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან დასავლეთის სანქციებისთვის თავის არიდებაში და ამავდროულად შექმნის ბერკეტს მოლაპარაკებებისთვის.
“თეთრ სახლთან შეთანხმებას მივაღწიეთ რუსეთის სანქციების კანონპროექტის ვერსიაზე, რომელსაც ისინი მხარს დაუჭერენ. ეს ნიშნავს, რომ ის კანონად გადაიქცევა” - უთხრა გრემმა კიევში ჟურნალისტებს, ომის პერიოდში უკრაინაში მისი მეათე ვიზიტის დასრულების შემდეგ.
გრემი, დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენთალი, ასევე დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი როჯერ ვიკერი ერთობლივ განცხადებაში წერენ:
“მაშინ, როცა რუსეთი კიდევ უფრო ინტენსიურად ხოცავს სამოქალაქო მოსახლეობას, უმნიშვნელოვანესია საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების თანამშრომლობა, რათა შემუშავდეს საშუალებები, რომლებიც დიდ ფასს დააკისრებს მათ, ვინც ყიდულობს რუსეთის ნავთობს და ბუნებრივ გაზს და აძლიერებს პუტინის ომის მანქანას”.
უკრაინის ოფიციალური პირები მიესალმნენ კონგრესში მიღწეულ ამ გარღვევას - მათი განცხადებით, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის განხორციელება არსობრივია საიმისოდ, რომ დასუსტდეს ომის წარმოების მოსკოვის უნარი.
კიევში გრემთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დიპლომატიური გადაწყვეტისთვის საბრძოლო ძალისა და ეკონომიკური ზეწოლის ერთობლიობაა საჭირო.