მაია სანდუ: შესაძლებლობის ფანჯრები იღება და იხურება. ჩვენი ღიაა ახლა
შესაძლებლობის ფანჯრები იღება და იხურება. ჩვენი ფანჯარა ღიაა ახლა. ეს არის დროსთან ჭიდილი და განზრახული გვაქვს გავიმარჯვოთ მასში. ერთადერთ რამეს ვითხოვთ - დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესს“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 22 ივნისს ბრიუსელში, ევროკავშირი-მოლდოვის მეორე სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.ერთი კვირის წინ, 15 ივნისს ევროკავშირმა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გაუხსნა უკრაინასა და მოლდოვას.მაია სანდუმ ბრიუსელში გამართულ სამიტზე აღნიშნა, რომ მოლდოვა მზად არის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დარჩენილი კლასტერების გასახსნელადაც.ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ ხაზი გაუსვა მოლდოვის სწრაფ წინსვლას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან დღემდე:„პროგრესი, რომელსაც მიაღწია მოლდოვამ ევროკავშირისკენ გზაზე სწრაფად სვლისთვის, მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, მართლაც შთამბეჭდავია. მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ რეფორმების იმპულსი და გაზარდოთ მოლდოვის შესაბამისობა ევროკავშირის ფუძემდებლურ კანონმდებლობასთან.ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება პირველ კლასტერზე მოლაპარაკებების გახსნაზე, ასახავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ თქვენი პროგრესის აღიარებას, აგრეთვე მათ ერთგულებას გაფართოების პროცესისადმი, რაც მიმართულია მოლდოვის გაძლიერებისა და აყვავებისკენ, როგორც ევროკავშირის ოჯახის მომავალი წევრისა. ვიქნებით თქვენს გვერდით ამ გზის ყველა მონაკვეთზე“.ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 22 ივნისს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ილაპარაკა მოლდოვის მიერ მიღწეულ პროგრესზე, აგრეთვე ევროკავშირის მხრიდან გადადგმულ შემხვედრ ნაბიჯებზე. მათ შორის, ფონ დერ ლაიენმა დაასახელა მოლდოვისთვის გამოყოფილ მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებაც და ინსტრუმენტები, რომლებიც მოლდოვის ეკონომიკის ზრდას ემსახურება:„ერთი წლის წინ ჩვენ კიშინიოვში შევხვდით. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა. მოლდოვა შეუერთდა ევროპის ერთიან საგადახდო სივრცეს - ე.წ. SEPA-ს, რამაც ჩვენს შორის ევროში ტრანზაქციები გახადა ბევრად უფრო სწრაფი და ბევრად იაფი. ეს კარგია ბიზნესისთვის. ეს კარგია მოქალაქეებისთვის. თქვენი ქვეყანა შეუერთდა საკომუნიკაციო სივრცეს - „Roam Like at Home“, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის, რადგან აღარ არის საჭირო როუმინგის ხარჯები მოლდოველებისა და მოლდოვის ბიზნესებისთვის. მოლდოვა შეუერთდა „ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს“. ეს არის კონკრეტული მაგალითები იმისა - რას ნიშნავს ეტაპობრივი ინტეგრაცია. მოლდოვა უახლოვდება ევროკავშირს. მოლდოვის მოქალაქეები და ბიზნესები უკვე გრძნობენ ცვლილებებსა და სარგებელს.ცხადია, ჩვენ გვაქვს „ზრდის გეგმა“, რომელიც უმნიშვნელოვანესია ერთიან ბაზარზე თქვენი ეტაპობრივი ინტეგრაციისთვის. პრინციპი ძალიან მარტივია: რეფორმები აახლოებს მოლდოვას ჩვენს ერთიან ბაზართან, რეფორმები ქმნის თანასწორ შესაძლებლობებს და ამ რეფორმებს მოსდევს მნიშვნელოვანი ევროპული ინვესტიციები. ეს ერთი რიცხვიც კი ძალიან მეტყველია: მოლდოვამ უკვე შეასრულა „ზრდის გეგმით“ გათვალისწინებული რეფორმების 93% - ეს არის არაჩვეულებრივი. ამის შედეგად უკვე გაიხსნა 504 მილიონი ევროს დაფინანსება თქვენი ქვეყნისთვის. ცხადია დღევანდელი სამიტი ეხება შემდეგ ნაბიჯებს. თუკი მოლდოვა წლის ბოლომდე განახორციელებს ყველა რეფორმას, მისთვის გაიხსნება დამატებითი 523 მილიონი ევროს დაფინანსება. ეს მართლაც ურთიერთმომგებიანი ვითარებაა მოლდოვასა და ევროკავშირს შორის“.
ასევე ნახეთ
დღეს ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან ხსნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველ კლასტერს
მოლდოვის პრეზიდენტმა ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს განუცხადა:„ჩვენ ვაკეთებთ მეტს, ვიდრე ევროკავშირი გვთხოვს. განვახორციელეთ ერთ-ერთი ურთულესი რეფორმა - ჩვენი ადმინისტრაციული და ტერიტორიული სტრუქტურის - სახელმწიფო სერვისების ჩვენს მოქალაქეებთან დასაახლოებლად.ჩვენს მიერ შესრულებული საქმე ადასტურებს ჩვენს ევროპულ არჩევანს: რთულ პირობებში გავცემთ დაპირებებს და ვასრულებთ მათ. შედეგებს ვაღწევთ ჰიბრიდული ომის - საინფორმაციო მანიპულაციების, არჩევნებში ჩარევის, ენერგო-შანტაჟის, კიბერთავდასხმების ფონზე, რომელთა მიზანიც ჩვენი დაყოფა და ევროპული გზიდან ჩამოშორებაა.ჩვენ დავდექით მტკიცედ. დავიცავით ჩვენი არჩევნების ხელშეუხებლობა. გავაძლიერეთ ჩვენი ინსტიტუტები და არ დავუშვით ჭუჭყიანი ფულით ძალაუფლების ყიდვა. ჩავდეთ ინვესტიცია კიბერუსაფრთხოებაში და შევქმენით ინსტრუმენტები უცხოურ მანიპულაციებთან გასამკლავებლად.ჩვენ განვავითარეთ დემოკრატიული მედეგობა, რომელიც ახლა არის ფუნდამენტი ყველაფრისა, რასაც ვაშენებთ“.22 ივნისის მოლდოვა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც 20 პუნქტისგან შედგება, მათ შორის ხაზგასმულია ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების საკითხი:„მოლდოვა რჩება ჰიბრიდული თავდასხმების ფრონტის ხაზზე, როგორც პირდაპირი თავდასხმებისა, აგრეთვე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომიდან გამომდინარე. ცალსახად ვგმობთ რუსეთის მიერ მოლდოვის საჰაერო სივრცის განმეორებითად დარღვევას, ეკოლოგიურ შანტაჟს, კიბერთავდასხმებს, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევას (FIMI), ენერგეტიკის ინსტრუმენტალიზაციასა და მავნე ჩარევის ყველა აქტს, რომელიც ქვეყნის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. ევროკავშირი კვლავაც ადასტურებს მზადყოფნას დაეხმაროს მოლდოვას უსაფრთხოების, მზადყოფნისა და მედეგობის, მათ შორის სამოქალაქო კრიზისების მართვის საშუალებებისა და კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის გაძლიერების მხარდაჭერით.მივესალმებით ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებაში მდგრად თანამშრომლობას შესაბამისი ინსტრუმენტების, მათ შორის - „ევროკავშირის ჰიბრიდული ინსტრუმენტებისა“ (EU Hybrid Toolbox) და მოლდოვის სტრატეგიული კომუნიკაციისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის საშუალებით. კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მოლდოვის წევრობას „ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმში“ (UCPM), რომელიც თვალსაჩინო იყო ამ მექანიზმის აქტივაციისას, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების შემდეგ, როცა დაბინძურდა მდინარე დნესტრი. ამავე მიზანს შესაძლოა მოემსახუროს „შავი ზღვის რეგიონისადმი ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომის“ ფარგლებში მოლდოვასთან გაზრდილ თანამშრომლობაც“.ევროპის სამშვიდობო მექანიზმით მიღებული დახმარების ოდენობით (197 მლნ ევრო), მოლდოვა, უკრაინის შემდეგ, მეორე ქვეყანაა. ეს დახმარება გაგრძელდება დახმარების მეორე პაკეტით, რომელსაც მიმდინარე წელს დაამტკიცებენ.ევროკავშირი-მოლდოვის პირველი სამიტი გაიმართა 2025 წლის ივლისში. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოლდოვას მიენიჭა 2022 წლის ივნისში (უკრაინასთან ერთად). 2026 წლის 15 ივნისს ევროკავშირმა მოლდოვასთან და უკრაინასთან გახსნა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი - ევროკავშირის კანონმდებლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც, მათ შორის, მოიცავს მართლმსაჯულების, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, თავისუფლებების, სამართლისა და უსაფრთხოების სფეროებს.
ასევე ნახეთ
არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის - რა აჩვენა მოლდოვის არჩევნებმა?