ვახო სანაიას შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მოქალაქე ზურაბ ოსიყმაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს
სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ვახო სანაიას მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარის დაწერისთვის მოქალაქე ზურაბ ოსიყმაშვილი 2 000 ლარით დააჯარიმეს. განაჩენი 53 წლის ხელოსანს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოუტანა. “შენი მიშას თ ნაცემი დედას შეცი,” — ოსიყმაშვილმა კომენტარი თინათინ თოფურიას პოსტის ქვეშ დაწერა. თინათინ თოფურიას სოციალური მედიის ანგარიში “მითების დეტექტორის” სტატიებში ფიგურირებს. მათი ინფორმაციით, ის ხშირად ავრცელებს პროპაგანდისტულ პროსამთავრობო დეზინფორმაციას. ვიდეოში, რომლის დაკომენტარების გამოც ოსიყაშვილს ედავებოდნენ, ვახო სანაიაა ასახული წარწერით “ვახო სანაია ახალ სამშობლოს უმღერის”, ხოლო ვიდეოს ფონად სომხურენოვანი სიმღერა გასდევს.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ოსიყმაშვილი სასამართლო პროცესზე ადვოკატის გარეშე მივიდა. მან არ იცოდა რაზე იყო დაბარებული და დეტალების გარკვევის შემდეგ ეგონა, რომ ვახო სანაიამ უჩივლა. ოსიყმაშვილის წინააღმდეგ სასამართლო ოქმი სიძულვილის ენასთან ბრძოლის სამმართველომ შეადგინა. “ინვალიდი ძმა მყავს. ავადმყოფი დედა. მარტო 1500 ლარის წამლები სჭირდება, თირკმლები აწუხებს. 2000 ლარს როგორ გადავიხდი, ფაქტობრივად, მე ვარ ოჯახში ერთადერთი შემომტანი,” — განაცხადა ოსიყმაშვილმა “რადიო თავისუფლებასთან”. აღნიშნული სასამართლო დავა ვახო სანაიასთვისაც უცნობი იყო. მისი თქმით, საქმის შესახებ მედიიდან შეიტყო. სანაიას განცხადებით, “რეჟიმის საქმე არ არის, ვინ რას დაწერს”. “ჩემი პოზიცია არის ის, რომ დაანებონ ამ ხალხს თავი. რეჟიმის საქმე არ არის, ვინ რას დაწერს. ეს არის ბრძოლა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, რაღაც ტაქტიკური ჩანაფიქრებით. ადამიანებს არ უნდა აკისრებდნენ ამ ჯარიმებს. კომენტარების გამო ადამიანების დაჯარიმება არ შეიძლება.ეს არის ტოტალიტარიზმისთვის დამახასიათებელი ფაქტი, როდესაც ადამიანებს ტოტალურად აკონტროლებენ, რათა მათ აზრი ვერ გამოთქვან და ჩაახშონ ყველანაირი აზრი, როგორი ფორმითაც არ უნდა იყოს გამოხატული. სახელმწიფოს საქმე არ არის, ვინ რასში იგრძნობს თავს შეურაცხყოფილად,” — განუცხადა ვახო სანაიამ “რადიო თავისუფლებას”.