← მთავარი
საზოგადოება

სამტრედიის საჯარო სკოლაში მოსწავლე ლურსმნით დაშავდა და ინფექცია განუვითარდა - მოზარდს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა

29 სექტემბერი, 2026 · წყარო: newposts.ge
სამტრედიის საჯარო სკოლაში მოსწავლე ლურსმნით დაშავდა და ინფექცია განუვითარდა - მოზარდს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა

სამტრედიის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში უბედური შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მოსწავლე დაშავდა და მისი ქუთაისში გადაყვანა გახდა საჭირო. ინფორმაციას სამტრედიის ადგილობრივი მედია „მთავარი ამბები“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, შემთხვევა სკოლის სპორტდარბაზში მოხდა. მოსწავლე თანატოლს მისდევდა, რა დროსაც დარბაზის კარი მიიხურა და მასზე დამაგრებული ლურსმანი მოზარდს გულმკერდის არეში გამოედო. მოგვიანებით ჭრილობაში ინფექცია განვითარდა, რის გამოც პაციენტს ქუთაისში გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა. ამჟამად მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და იგი მკურნალობას სახლში აგრძელებს.

მომხდარ ფაქტს სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ადასტურებენ. უწყების წარმომადგენელთა განცხადებით, შემთხვევის შესახებ მათ მოგვიანებით შეიტყვეს, უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის მიზნით კი სკოლის ადმინისტრაციამ კარზე არსებული ლურსმანი დაუყოვნებლივ ამოიღო.

არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, „მთავარი ამბები“ არ ასაჯაროებს მოსწავლის ვინაობასა და საგანმანათლებლო დაწესებულების ნომერს. რედაქცია ფლობს შემთხვევის ამსახველ ექსკლუზიურ ფოტომასალასა და დამატებით დეტალებს.

← მთავარი