← მთავარი
პოლიტიკა

"სამოქალაქო იდეა": საქართველოს ანკარაში NATO-ს სამიტზე არ მიწვევა "ქართული ოცნების" პოლიტიკის პირდაპირი და კანონზომიერი შედეგია

9 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” ანკარაში NATO-ს 36-ე სამიტის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ალიანსის 32 წევრი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად, სამიტის პარტნიორულ ფორმატებში მონაწილეობდნენ უკრაინა, ევროკავშირი, ინდო-წყნაროკეანური რეგიონისა და სპარსეთის ყურის პარტნიორი ქვეყნები, თუმცა საქართველო სამიტის არც ერთ მაღალი დონის შეხვედრაზე, სამუშაო სადილსა თუ ოფიციალურ მიღებაზე არ ფიგურირებდა.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა მოლაპარაკებები გამართეს პარტნიორებთან სწორედ იმ ფორმატში, რომელშიც საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა. გარდა ამისა, სამიტის წინ გამოქვეყნებულ წამყვანი საერთაშორისო კვლევითი ცენტრებისა და აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურის ანალიტიკურ პუბლიკაციებში საქართველო დღის წესრიგის კონტექსტში საერთოდ არ ყოფილა მოხსენიებული. “სამოქალაქო იდეის” შეფასებით, ეს სურათი შეესაბამება 2024 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდგომ პრაქტიკას, როდესაც საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის გამო პარტნიორული ღონისძიებებიდან გამოირიცხა, NATO-საქართველოს ურთიერთობები კი ფაქტობრივად გაყინულია.

მიმოხილვაში ორგანიზაცია იხსენებს საქართველოს წარსულ მიღწევებს ალიანსთან ურთიერთობაში, მათ შორის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის წევრობის დაპირებას, უელსის სამიტზე მიღებულ “გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის” (EOP) სტატუსს, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) გახსნას, ავღანეთის მისიებში უმსხვილეს კონტრიბუციას და კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ყველა ზომის მიღებას პირდაპირ ავალდებულებს ხელისუფლებას.

“სამოქალაქო იდეას” შეფასებით, ეს არც ალიანსის თვითნებური გადაწყვეტილებაა და არც რომელიმე გარე ძალის შეთქმულება, როგორც ამას ხელისუფლების პროპაგანდა წარმოაჩენს. ეს ქართული ოცნების პოლიტიკის პირდაპირი და კანონზომიერი შედეგია: ანტიდასავლური რიტორიკის, დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევის, რეპრესიებისა და კონსტიტუციით განსაზღვრული ევროატლანტიკური კურსის ფაქტობრივი მიტოვების. სწორედ ამ პოლიტიკის ფასს ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოებით, საერთაშორისო სუბიექტობითა და მომავლით იხდის.

ამ ფონზე განსაკუთრებით სიმბოლური და მძიმეა ის ფაქტი, რომ სულ რამდენიმე წლის წინ საქართველოში დავა იმაზე მიმდინარეობდა, NATO-ს სამიტზე ქვეყანა პრემიერმინისტრს უნდა წარმოედგინა თუ პრეზიდენტს. დღეს კი საქართველო სამიტის არც ერთ ფორმატში აღარ ფიგურირებს.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ რეალობის შეცვლა მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტების აღდგენით, კანონის უზენაესობის განმტკიცებითა და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროატლანტიკურ კურსზე დაბრუნებით არის შესაძლებელი. “სამოქალაქო იდეა” გააგრძელებს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მონიტორინგს და ამ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას”, — აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

← მთავარი