საზოგადოება
11 მაისს სამების მიმდებარე ტერიტორიაზე 09:00-დან 18:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 11 მაისს — პატრიარქის არჩევის დღეს — სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 09:00-დან 18:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
კერძოდ, ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა ბუხაიძის ქუჩაზე — ამ მონაკვეთზე გადაადგილება მხოლოდ ქვეითად იქნება შესაძლებელი. ასევე შეიზღუდება მოძრაობა ახვლედიანის მოედანსა და ახვლედიანის აღმართზე, ნიაბის ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით, და მეტროსადგურ „ავლაბრის” მიმდებარე ტერიტორიაზე — გონაშვილის ქუჩიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით.
საპარკინგე სივრცე მოეწყობა ახვლედიანის მოედანზე და ხეთაგუროვის ქუჩაზე, საიდანაც სამების ტაძრისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური მიკროავტობუსებით ან ფეხით — ახვლედიანის ქუჩისა და „ავლაბრის” მეტროდან გამოსვლის გზით.
