ერთა ლიგის ჯგუფში საქართველო ყველაზე ძვირად ღირებულია! "ჯვაროსნებმა" პოსტსაბჭოური სივრცის ტრადიციულ ლიდერ უკრაინასაც გაუსწრეს...
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფსა და პოსტსაბჭოურ სივრცეში ყველაზე ძვირადღირებული ნაკრებია. განახლებულ ინფორმაციას “ტრანსფერმარკტი” ავრცელებს. სეზონის დასრულების შემდეგ “ჯვაროსნების” თითქმის ყველა მოთამაშის შეფასება შეიცვალა, ზოგის შემცირდა, ზოგის გაიზარდა, მაგრამ ზოგადად დადებითი ტენდენცია შეინიშნება. გაიზარდა გიორგი მიქაუტაძის, ზურიკო დავითაშვილის, ლუკა გადრანის, გიორგი კვერნაძის, ირაკლი ეგოიანისა და გიზო მამაგეიშვილის შეფასებები. რაც მთავარია, ყველაფრის მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიას რეკორდული პროგრესია - 140 მილიონი 90-ის ნაცვლად. ამავე დროს, დამატებით კიდევ 3 მოთამაშის შეფასება გაიზარდა - “მეცის” მარცხენაფლანგელის, გიორგი წიტაიშვილის გრაფაში უკვე 3 მილიონი ევრო წერია (2,5-ის ნაცვლად), თბილისის “დინამოსა” და ეროვნული ნაკრების მცველის, საბა ხარებაშვილის შეფასება გაორმაგდა - 2.50 მლნ (1,25 მილიონის ნაცვლად), ხოლო კრაიოვას “უნივერსიტატეას” ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერის პირობითმა ღირებულებამ 1,5-დან 2 მილიონს მიაღწია. ცნობილია, რომ უკრაინის ნაკრები (ისევე, როგორც - რუსეთის), დაარსების დღიდან, ჩვენზე ძვირადღირებული გუნდი იყო, მაგრამ “ტრანსფერმარკტის” განახლებამ ვითარება შეცვალა და “ჯვაროსნებმა” “ლურჯ-ყვითლებს” 13 მილიონი ევროთი გადაასწრეს. მიზეზი ისაა, რომ არადამაჯერებელი საკლუბო სეზონის შემდეგ უკრაინის ნაკრების ზოგიერთ მოთამაშეს რეგრესი აქვს. პსჟ-ში კვარაცხელიას თანაგუნდელის, ილია ზაბარნის შეფასება ბოლო ერთ წელიწადში 55-დან 40 მილიონამდე შემცირდა, “ბენფიკას” ნახევარმცველი გიორგი სუდაკოვი 30 მილიონი ღირდა და ახლა 25 მილიონია, ხოლო “შახტარის” ცენტრალური მცველის, ნიკოლაი მატვიენკოს შეფასება 15-დან 12 მილიონამდე დაეცა. აქვე ვნახოთ, როგორია ერთა ლიგის ჩვენი (B2) ჯგუფის გუნდების შეფასება: 26. საქართველო - 260,00 მლნ ევრო; 28. უკრაინა - 247,00; 33. უნგრეთი - 209,20; 55. ჩრდ. ირლანდია - 79,90 მლნ. აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში, საქართველოს ნაკრები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე ძვირადღირებული ეროვნული გუნდი გახდა. ამით ის ლეგენდა დაიმსხვრა, რომ ტრადიციულ ლიდერებს, რუსეთს და უკრაინას, ვერ ვაჯობებდით. მიუხედავად იმისა, რომ ამაში ლომის წილი მიუძღვის კვარაცხელიას, შეფასებების გაზრდა ძალიან სასიამოვნოა: 26. საქართველო - 260.60 მლნ ევრო; 28. უკრაინა - 247.00; 29. რუსეთი - 242.70; 54. უზბეკეთი - 85.33; 70. სომხეთი - 42.43; 94. აზერბაიჯანი - 18.13; 97. ყაზახეთი - 16.30; 98. ბელარუსი - 15.38; 100. ლიეტუვა - 14.73; 106. ესტონეთი - 13.68; 113. მოლდოვა - 9.55; 118. ლატვია - 8.23; 123. ტაჯიკეთი - 7.78; 127. ყირგიზეთი - 7.05; 154. თურქმენეთი - 2.95.