ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონი საქართველომ უკრაინასთან მარცხით დაიწყო
სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში დაიწყო ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი (B დივიზიონი). B ჯგუფის სადებიუტო მატჩში საქართველოს ნაკრები უკრაინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 64:77 დამარცხდა.
შეხვედრა უკრაინელთა უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც საწყის მეოთხედშივე მოიპოვეს ლიდერობა და პირველი პერიოდი 21:14 მოიგეს. მეორე მეოთხედში თამაში შედარებით თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, თუმცა მეტოქემ მინიმალური უპირატესობა მაინც შეინარჩუნა (22:21) და დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი ჰანდიკაპით (43:35) გავიდა. მესამე პერიოდი ქართველი კალათბურთელების აქტიურობით აღინიშნა - ჩვენმა გუნდმა მეოთხედი 17:16 მოიგო, თუმცა უკრაინელებს ლიდერობა ხელიდან არ გაუშვიათ. გადამწყვეტ, მეოთხე მეოთხედში უკრაინამ კვლავ იძალა (18:12) და შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ლუკა კოტლიარევსკი გახლდათ 16 ქულით, გიორგი ჩირაქაძემ 11 ქულა დააგროვა, ხოლო გიორგი დოხნაძემ და ამირანი აროშიძემ გუნდს 10-10 ქულა შესძინეს, ნიკოლოზ აბულაძემ 7 ქულა ჩაწერა აქტივში, სულხან საბა შარაშიძემ — 6, ხოლო ნიკა სანაძემ და გოგიტა ბუკიამ 2-2 ქულა მიითვალეს; რაც შეეხება უკრაინის ნაკრებს, მატჩის ბომბარდირი მაქსიმ ჰრიშჩუკი გახდა 18 ქულით, დესმონდ იამუმ 13 ქულა მოაგროვა, ხოლო ეჰორ სუშკინმა - 11.
ჩვენს ჯგუფში გამართულ მეორე შეხვედრაში ლუქსემბურგის ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში შვეიცარია დაამარცხა - 69:64.
საქართველოს ნაკრები მომდევნო ტურის მატჩს დღესვე გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე შვეიცარია იქნება. შეხვედრა 11 ივლისს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.