საია ხაინდრავას საქმეზე დავით ქაშიაშვილის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტის, დავით ქაშიაშვილის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი სერიოზულ კითხვებს აჩენს გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის დამოუკიდებლობაში სახელმწიფოს ჩარევის კუთხით.
საქმე ეხება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ცრუ დასმენის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას, რომელსაც საფუძვლად კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ადვოკატების განცხადება დაედო. გამოძიება 5 თვის წინ ეთერში გასულ საგამოძიებო სიუჟეტს ეხება. ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ სიუჟეტის გამოქვეყნების შემდეგ ხაინდრავამ “ფორმულას” წინააღმდეგ სასამართლოს სამოქალაქო წესითაც მიმართა ცილისწამების მოტივით, 29 ივნისს კი საქმეზე ჟურნალისტი პროკურატურაში დაიბარეს.
გოგა ხაინდრავას საჩივრის შემდეგ, პროკურატურამ ტელეკომპანია “ფორმულას” წინააღმდეგ, ცრუ დასმენის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო
საიას განცხადებით, დავით ქაშიაშვილის საგამოძიებო უწყებაში დაბარებას უკვე მოჰყვა მწვავე საერთაშორისო კრიტიკა:
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) გამოძიება შეაფასა როგორც საგამოძიებო ჟურნალისტების დაშინებისა და მათზე ზეწოლის მცდელობა.
ევროპის საბჭოს მედიის დაცვის პლატფორმამ აღნიშნულ საქმეზე განგაშის სიგნალი აამოქმედა.
ორგანიზაციის შეფასებით, სიუჟეტში დანაშაულის შესაძლო ჩადენაზე ინფორმაციის გაჟღერება თავისთავად ვერ იქნება ცრუ დასმენის მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველი, მით უმეტეს, როდესაც საკითხი საზოგადოებრივ ინტერესს ეხება.
“მედიის ამოცანას წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხების გამოვლენა, საჯარო ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი და ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მედია ასრულებს “საზოგადოებრივი გუშაგის” (public watchdog) ფუნქციას.
ასეთ პირობებში სისხლის სამართლის მექანიზმის გამოყენება განსაკუთრებულად მკაცრ დასაბუთებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რეალური საფრთხე, რომ ის გამოყენებულ იქნეს მედიის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისა და ჟურნალისტებზე მსუსხავი ზემოქმედების ინსტრუმენტად”, — აღნიშნულია განცხადებაში.
საია ყურადღებას ამახვილებს საგამოძიებო ორგანოების შერჩევით მიდგომაზეც და აღნიშნავს, რომ სხვა ბევრ სისხლის სამართლის საქმეზე უწყებები მყისიერად არ იწყებენ გამოძიებას, თუმცა “ფორმულას” შემთხვევაში პროკურატურამ არა მხოლოდ საქმე აღძრა, არამედ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებაც გამოაქვეყნა.
იურისტები მიუთითებენ, რომ ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ უფრო აუარესებს გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობას, რასაც ხელი შეუწყო 2025 წლის ივნისში ქართული ოცნების მიერ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში შეტანილმა ცვლილებებმა (მათ შორის, მტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადატანამ და წყაროს საიდუმლოების გარანტიების გაუქმებამ). ორგანიზაციის განმარტებით, ქვეყანაში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართული ე.წ. SLAPP დავები (სტრატეგიული სარჩელები საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ) უკვე ყოველდღიურობად იქცა.
ასოციაციის დასკვნით, ვინაიდან “ცრუ დასმენა” პირის მხრიდან შეგნებულ, წინასწარ განზრახულ ტყუილს მოითხოვს, საგამოძიებო სიუჟეტის გამოძიების საგნად ქცევა რეალურ საფრთხეს უქმნის კრიტიკულ ჟურნალისტიკას და აჩენს კითხვას, ხომ არ არის ეს პროცესი მედიის მიმართ სხვა ფარული განზრახვის განსახორციელებელი საშუალება.
საიას განცხადება სრულად წაიკითხეთ აქ.